შალვა პაპუაშვილი: ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა, როგორც ახლა უკრაინაა რომ დაგვეჯერებინა მაშინ ევროპელებისთვის, რომლებიც თითქოს იზოლაციაში აქცევდნენ რუსეთს და ახლა საუბრობენ იმაზე, რომ ხელახლა დაიწყონ მასთან საუბარი

შალვა პაპუაშვილი

ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა, როგორც ახლა უკრაინაა რომ დაგვეჯერებინა მაშინ ევროპელებისთვის, რომლებიც თითქოს იზოლაციაში აქცევდნენ რუსეთს და ახლა საუბრობენ იმაზე, რომ ხელახლა დაიწყონ მასთან საუბარი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტებმა მას ემანუელ მაკრონის განცხადების შეფასება სთხოვეს, რომელმაც თქვა, რომ ევროპას რუსეთთან საუბარი სჭირდება.

„ადრე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ არაფერი ახალი არ ხდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს ერთად ხელი. ყველა მთავრდება მშვიდობით, საქმე ისაა, ვინ ზიანდება ამ ომისგან. ერთი რამ შეგვიძლია დღევანდელი გამოსახედიდან ვთქვათ, მითუმეტეს ევროკავშირის წუხანდელ გადაწყვეტილებებს თუ გავითვალისწინებთ, შეუძლებელია ჯერ იმის თქმა, ვინმე თუ იქნება ამ [რუსეთ-უკრაინის] ომის გამარჯვებული, თუმცა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული. ეს არის უკრაინა და ევროკავშირი. უკრაინა, რომელსაც ახლა უწევს გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ტერიტორიების დე ფაქტო აღიარებაზე, რომელმაც ასობით ათასი მოქალაქე დაკარგა, დაღვარა სისხლი, დაანგრია ეკონომიკა და ევროკავშირი, რომელსაც ახლა საკუთარ მხრებზე აჰკიდეს ტვირთი უკრაინის ფინანსური დახმარების, სამხედრო დახმარების ფინანსური უზრუნველყოფის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამ ყველაფრისთვის წუხანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირი იღებს სესხს და ამ სესხით აძლევს კიდევ სესხს უკრაინას.

„ოთხი წელი გვესმოდა, რომ რუსეთი მოქცეული ჰყავდათ იზოლაციაში, რომ არანაირი კავშირი, ვაჭრობა ჰქონდათ და ა.შ. მერე გაირკვა, რომ ვაჭრობაშიც ყოფილან, თურმე რუსეთის ეკონომიკაში უფრო მეტ ფულს იხდის რუსეთი, ვიდრე უკრაინას ეხმარება, რომ ლიტვა და ესტონეთი გამდიდრდნენ იმაზე, რომ რუსეთში ალკოჰოლს ყიდიან და საქართველოზე მეტ ალკოჰოლის ექსპორტს აწარმოებენ რუსეთში. ქვეყნები, რომლებიც ერთ წვეთ ღვინოს არ აწარმოებენ. ეს ყველაფერი ფარულად ხდებოდა. რაც შეეხება იმას, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების ქონის საჭიროებაა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გადაიფიქრეს რუსეთთან იზოლაცია. გადატვირთვა ურთიერთობების დიდ ქვეყნებს შორის არაერთხელ გვინახავს, მაგრამ ჩვენ რომ გვექაჩებოდნენ და უნდა ვყოფილიყავით ცეცხლის რკალის ნაწილი, ჩაგვეკეტა საზღვარი, საკუთარი თავი დაგვეზიანებინა, ომის წინაშე დავმდგარიყავით, რა ურთიერთობების აღდგენის და ხელახალი საუბრის პოტენციალი გვექნებოდა?! ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა, როგორც ახლა უკრაინაა რომ დაგვეჯერებინა მაშინ ევროპელებისთვის, რომლებიც თითქოს იზოლაციაში აქცევდნენ რუსეთს და ახლა საუბრობენ იმაზე, რომ ხელახლა დაიწყონ მასთან საუბარი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.