შალვა პაპუაშვილი: უცხო ქვეყნების მიერ დაქირავებული ორგანიზაციები პარლამენტს უწოდებენ არალეგიტიმურს, მშვიდად იყვნენ, პარლამენტი თუ არალეგიტიმურია, საერთოდ რატომ ნერვიულობენ?

შალვა პაპუაშვილი

ყველამ გასცეს პასუხი მარტივ კითხვას, უნდა ჰქონდეს თუ არა 20 ადამიანს უფლება, გადაკეტოს ქუჩები და ხელი შეუშალოს მილიონნახევრიან ქალაქს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით ცვლილებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

„შეგახსენებთ უცხო ქვეყნების მიერ დაქირავებული ორგანიზაციების განცხადებებს, ისინი პარლამენტს უწოდებენ არალეგიტიმურს. მშვიდად იყვნენ, პარლამენტი თუ არალეგიტიმურია, რატომ ნერვიულობენ საერთოდ? არანაირი მესამე სექტორი ამ სახით არ არსებობს, მათ მითვისებული აქვთ ეს სახელდებები. სინამდვილეში, ესენი არიან უცხოური ორგანიზაციების, ქვეყნების მიერ დაქირავებული პირები და ორგანიზაციები. მათი ერთადერთი მიზანია უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება საქართველოში. ამ ორგანიზაციებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს, სამოქალაქო ვალდებულებაც კი არ შეასრულეს, რადგან არიან რადიკალი, ექსტრემისტი ორგანიზაციები, საქართველოში მოქმედებენ უცხო ქვეყნების, მათ შორის სპეცსამსახურების დავალებების შესასრულებლად. ესენი არიან უცხო ქვეყნების მიერ დაქირავებული ორგანიზაციები, რათა საქართველოში მათი ინტერესები გატარონ. სხვადასხვა უცხოური ჯგუფის ინტერესი რაც იყო, ვნახეთ 4 ოქტომბერს, როდესაც პრეზიდენტის სასახლის შტურმის პარალელურად, შტურმის მხარდამჭერ განცხადებას განცხადებაზე ავრცელებდნენ უცხოელი პოლიტიკოსები და სახელმწიფოს სხვადასხვა წარმომადგენლები. ასე რომ, გადატრიალება სულჩადგმული, ორგანიზებული, მხარდაჭერილი იყო გარედან და მათი ინტერესების, დავალებების შემსრულებლები არიან ეს ორგანიზაციები. საკითხი არის მარტივი, ყველამ გასცეს პასუხი ერთ მარტივ კითხვას, უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება 20 ადამიანს, გადაკეტოს ქუჩები და ხელი შეუშალოს მილიონნახევრიან ქალაქს? არ აქვს. მოქმედი კანონმდებლობა თუ არ არის საკმარისი ამის პრევენციისთვის, პარლამენტი ყოველთვის მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა კანონმდებლობამ  მსგავსი მოქმედების პრევენცია შეძლოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით ცვლილებები შევა.