შალვა პაპუაშვილი: საზოგადოება ბრძენია და საბოლოო ჯამში, ყველაფერს კარგად ხედავს, ცოტა ხანში მოიხსნება ისტერიული ფონი, რასაც ზურაბიშვილი ცდილობს პრეზიდენტის რეზიდენციიდან

შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ეს ისტერია უკვე ვნახეთ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, გადის თუ არა კიდევ ერთხელ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რას უპასუხებს მმართველი გუნდი პრეზიდენტის ნაბიჯებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საზოგადოება საბოლოო ჯამში ყველაფერს კარგად ხედავს.

„ეს კინო ხომ ბევრჯერ გვაქვს ნანახი? დაწყებული რუსეთისთვის სანქციების დაწესება-არ დაწესება, ჩელიაბინსკი-არა ჩელიაბინსკი, კანდიდატის სტატუსი, სააკაშვილის საკითხი და ასე შემდეგ, ყველა ამ საკითხზე ცდილობენ ამგვარ ისტერიას, მაგრამ საზოგადოება ბრძენია და საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. ეს არჩევნები ჩატარდა, საზოგადოებამ თავისი აზრი დააფიქსირა და სრულად დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ამ საკითხთან დაკავშირებით. ზუსტად იგივე საკითხებზე ვსაუბრობდით აქამდეც, რასთან დაკავშირებითაც დღეს განცხადება გვქონდა. ჩვენ ცოტა ხანში გვექნება პრეზიდენტის არჩევნები და სულ ცოტა ხანში მოიხსნება ეს ისტერიული ფონი, რასაც ახლა ქალბატონი სალომე ცდილობს პრეზიდენტის რეზიდენციიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიპლომატიურ კორპუსს სთხოვა, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა: „დღეს გვჭირდება კოორდინირებულად მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე. მე დღეს ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით“.