შალვა პაპუაშვილი: სარჩელში ყველაფერი მოყვანილია, პარტიების წარმომადგენლებმა თავის გასამართლებლად, შეიძლება, გაიმეორონ ტყუილი, რომ სააკაშვილის რეჟიმი დემოკრატიის შუქურა იყო, რასაც იუკნევიჩიენე ამტკიცებს

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებსაც კონსტიტუციური სარჩელი ეხებათ, თავის გასამართლებლად ალბათ ისევ გაიმეორებენ ტყუილს, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი დემოკრატიის შუქურა იყო.

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული პარტიები არ ცნობენ ხალხის ნებას.

„კონსტიტუციურ სარჩელში ყველაფერი მოყვანილია. იმედია, ამ პარტიების წარმომადგენლები სასამართლოში გამოცხადდებიან და საკუთარ გასამართლებას დაესწრებიან. რა უნდა თქვან, როცა საუბარი იქნება წამების სისტემაზე, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ციხეებში ჰქონდა შექმნილი? რას იტყვიან, არ არსებობდა თუ მათი ბრალი არ იყო? წართმეულ ბიზნესებზე რას იტყვიან? გადაფორმებულ მედიებზე? რას იტყვიან იმ მკვლელობებზე, რომლებიც აღიარებულია და სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნათქვამია, რომ ეს სისტემური დანაშაული იყო? ერთადერთი, რაც შეიძლება თავის გასამართლებლად გამოიყენონ, თქვან, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. კიდევ ერთხელ გაიმეორონ ტყუილი, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი დემოკრატიის შუქურა იყო, რასაც რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს. მათ ამ ყველაფრის მოსმენა სასამართლოში მოუწევთ. ისინი ხალხის ნებას არ ცნობენ, ანტისისტემური ძალები გახდნენ და გასული არიან დემოკრატიული ჩარჩოდან. ისინი რასაც აღიარებენ, არის ის, რას ეტყვის ვიღაც უცხოელი ელჩი ან ბრიუსელიდან რა მითითებას მიიღებენ. ეს არის მათი ლეგიტიმაციის სურვილი, რომ ცალ ფეხზე დადგნენ და თავზე ხელი გადაუსვას ბრიუსელის რომელიღაც ბიუროკრატმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.