შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ფაქტობრივად მზად არის, მიდის მისი ფორმულირებების დახვეწა. გვინდა, რომ იყოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც იმსახურებს ისტორიული დოკუმენტის სახელი ჰქონდეს

შალვა პაპუაშვილი

რაც შეეხება სარჩელს, ფაქტობრივად მზად არის, მიდის მისი ფორმულირებების დახვეწა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე.

მისი თქმით, ეს არის ისტორიული პროცესი.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს კომპლექსური საკითხია. მათ შორის, მოიცავს დიდ პერიოდს სხვადასხვა პარტიის მოქმედებისა, ეს ერთი. მეორე, ეს არის პირველი შემთხვევა პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს. აქედან გამომდინარე, ეს არის ისტორიული პროცესი და ჩვენ გვინდა, რომ სარჩელი, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა, იყოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც იმსახურებს შემდეგ, რომ ისტორიული დოკუმენტის სახელი ჰქონდეს. ამიტომ, მიდის მუშაობა, რომ სარჩელს საბოლოო სახე მივცეთ. ამ დღეებში შევიტანთ და გაცნობებთ მის შინაარსს“, - აღნიშნა მან.

შალვა პაპუაშვილის განცხადებითვე, სამი ვარიანტია - პარტიის აკრძალვის მოთხოვნა, მათი რიგებიდან არჩეული პარლამენტის თუ საკრებულოს წევრების მანდატების შეწყვეტის მოთხოვნა და ცალკეული, კონკრეტული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა.

„რაც შეეხება რა არის მიზანი, მე ავხსენი კიდეც, მათ შორის სხვადასხვა ცვლილებით ჩვენ ამოვავსეთ ყველა ხარვეზი, რომელიც არსებობს პარტიასთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ის, რაც არ გვქონდა აქამდე ჩვენს კანონმდებლობაში და არის სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, გავითვალისწინეთ ეს პრაქტიკაც. მათ შორის, მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი და ასევე ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის შესაძლებლობა. ამიტომ, დღეს ჩვენ პარტიებთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. პირველი, ამ სარჩელიდან გამომდინარე, მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის საქმიანობის აკრძალვა. მეორე, მოვითხოვოთ ამა თუ იმ პარტიის სახელით წარმომადგენლობით ორგანოებში არჩეული პირებისთვის მანდატის შეწყვეტა. მესამე, მოვითხოვოთ ცალკეული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. სამომავლო ინსტრუმენტი, ზოგადად, არსებობს მემკვიდრე პარტიის, თუკი აიკრძალება პარტია და მისი წევრები იდენტურ პარტიას შექმნიან, მისი აკრძალვა. შესაბამისად, ჩვენ დღეს გვაქვს სამი ვარიანტი - პარტიის აკრძალვის მოთხოვნა, მათი რიგებიდან არჩეული პარლამენტის თუ საკრებულოს წევრების მანდატების შეწყვეტის მოთხოვნა და ცალკეული, კონკრეტული ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. ჩვენ, მათ შორის, ამაზე ვმსჯელობთ. ამ სამი ვარიანტიდან რომელი, ან რომელი მოთხოვნის კომბინაციით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ჯერზე. ამიტომ, ესეც გახლავთ საკითხი რომელსაც ასევე იხილავთ როგორც კი სარჩელი გასაჯაროვდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.