შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტი აშშ-ში თავის გზავნილებს თავად გააჟღერებს, თუმცა როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, ისაუბრებს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე

შალვა პაპუაშვილი

პრეზიდენტი აშშ-ში თავის გზავნილებს თავად გააჟღერებს, თუმცა როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, იმაზე ისაუბრებს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „საქართველოს მთავარი სათქმელი მშვიდობა და საერთაშორისო სამართლის პრიმატია“.

„რამდენიმე ომგამოვლილი ქვეყანა ვართ, სადაც შევძელით და 13 წელია, მშვიდობა შევინარჩუნეთ. ეს ის გამოცდილებაა, რომელიც შეიძლება, სხვებისთვის საინტერესო იყოს. ჩვენს კოფლიქტებსა და ომებს ზოგი ნელთბილად უყურებდა, მაგრამ ახლა, როცა ევროპის შუაგულშია ომი, ალბათ ყველამ გააცნობიერა, რა პრობლემაა ომი და რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას. „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, როგორ უნდა შეინარჩუნო მშვიდობა ისეთ რეგიონში, სადაც ჩვენ გარშემო კონფლიქტებია“, – აღნიშნა პაპაუშვილმა.

კითხვაზე, ისაუბრებს თუ არა ყაველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე რუსეთზე, პაპუაშვილმა განაცხადა:

„თქვენთვის სტატისტიკაა მნიშვნელოვანი – ვინ სად რამდენჯერ ახსენებს რუსეთს და როგორ კონტექსტში. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. ამას აბსოლუტური დატვირთვა ჩვენი საჯარო გამოსვლების დროს არ აქვს. ჩვენთვის ერთადერთ რამეს აქვს მნიშვნელობა, ეს არის მშვიდობა. მათ შორის ის, რომ არ იყოს ახალი ომი, რომელიც ასე ძალიან უნდა ზოგიერთს. თქვენთვის მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, ვინ რამდენჯერ ვინ ახსენა, ვინ ვის შეაგინა. ასე რომ ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია, იმიტომ მოვხვდით ომში, იმიტომ გადაგვხდა ომები და იმიტომ ვიყავით ერთი ნაბიჯით დაშორებული ომისგან 2022 წელს, რადგან ასეთი ხალხია ოპოზიციასა და „ენჯეოებში“, რომელთაც სირცხვილისგან დაწვას ბომბების წვიმა ურჩევნიათ. პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი ჩემი გამოსვლის ტექსტი არ არის, მისი გზავნილები  მისი გზავნილები იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მიხეილ ყაველაშვილი ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.