შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის განცხადებებზე, შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით: რაღაცნაირი გადაგვარების მანიშნებელია ის რეაქციები, რომლებიც ვნახეთ

 შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა ირაკლი შოთაძეს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროკურატურა მნიშვნელოვნად განვითარდა, რომ შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

პაპუაშვილმა შოთაძეს ჯანმრთელობა უსურვა და მან ამაზრზენი უწოდა ოპოზიციის მხრიდან ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

„რაღაცნაირი გადაგვარების მანიშნებელია ის რეაქციები, რომლებიც ვნახეთ. ერთი 10-20 წლის წინ ასეთი რამ რომ ეკადრა რომელიმე პოლიტიკოსს, შეიძლება გამარჯობაც აღარ ეთქვათ ამ ადამიანისთვის. ადამიანი ამბობს, რომ აქვს ისეთი გამოწვევა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომ უწევს თანამდებობიდან წასვლა და რამდენიმეთვიანი მკურნალობა (არ აკონკრეტებს ეს ადამიანი, მაგრამ იმდენი ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს, რომ რაღაცებს მივხვდეთ) და ამას ადამიანები, რომლებიც რომ ჰკითხო ევროპელები არიან, ამას საღლიცინოდ, ასაგდებად იყენებენ. ჩადიან ბრიუსელში და წითელ ხალიჩებზე დადიან. ასეთ ადამიანებს ეხუტებიან თურმე იქ, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანს უბრალოდ გადაუარონ, მის ემოციურ მდგომარეობაზე არც კი იფიქრონ და მერე გამოდიან, ევროპაზე საუბრობენ და დროშებს აქნევენ. ვის რაში სჭირდებათ მათი დროშა, მათ მიერ შესრულებული ევროპის ჰიმნი? ეს ხომ ფარსია ამ ყველაფრის შემდეგ. მანდ ხომ არაფერია ევროპული, იმიტომ რომ არაფერია ქართული და რაც არ არის ქართული, არ არის ევროპული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი შოთაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს.