შალვა პაპუაშვილი: ნაცვლად იმისა, რომ ქალბატონი კალასი ევროკავშირის სახელით ბოდიშს უხდიდეს ქართულ მართლმსაჯულებას მანამდე არსებული თავდასხმების გამო, დღეს ის ცილს სწამებს ქართველ მოსამართლეებს და ემუქრება სადამსჯელო ღონისძიებებით

შალვა პაპუაშვილი

ნაცვლად იმისა, რომ ქალბატონი კალასი ევროკავშირის სახელით ბოდიშს უხდიდეს ქართულ მართლმსაჯულებას ევროკავშირის მანამდე არსებული თავდასხმების გამო, რომლებიც აღმოჩნდა სრული დეზინფორმაცია და ცილისწამება, დღეს ის ცილს სწამებს ქართველ მოსამართლეებს და ემუქრება ქართველ მოსამართლეებს სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებებით, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ღია წერილი და ძალიან კარგად დაემთხვა იმას, დღეს რასაც ვისმენთ.

„მათ შორის, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს. პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, ეს აგრესიული რიტორიკა ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული თავდასხმები, საბჭოური სტილის მუქარა, რომელსაც დღეს ვისმენდით, მათ შორის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მხრიდან, რომელიც დღეს პირადად ორ ქართველ მოსამართლეს დაემუქრა სანქციებით. ეს არის ის სამწუხარო გზა, რომელსაც ბრიუსელი დღეს ადგას. ევროკავშირის მოქალაქეებმა უნდა შეხედონ ამას და გადაწყვიტონ, მათ რა უნდათ. უნდათ, რომ საბჭოთა კავშირისკენ წაიყვანონ ბრიუსელში ამგვარმა ბიუროკრატებმა, რომლებიც დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების დამოუკიდებელ მოსამართლეებს ემუქრებიან. უბრალოდ სირცხვილია, რასაც ვისმენთ.

ევროკავშირის ელჩი განმარტებებით თავს არ იწუხებს ხოლმე, მაგრამ მგონი ახლა განმარტებები გასაკეთებელია. ვხედავთ ხომ რისთვისაც სხედან სხდომათა დარბაზში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. ამისთვის სხედან, რომ იქ შექმნან დამაშინებელი გარემო მოსამართლისთვის, რომ შემდეგ ამგვარი მუქარები გაისმას ევროკავშირიდან, რომელიც როგორც მშვიდობის პროექტი შეიქმნა და დღეს გამოიყენება როგორც ისნტრუმენტი ქართველ ხალხზე, მის მართლმსაჯულებაზე თავდასხმისთვის.

ყველას შევახსენებ და ქალბატონ კალასსაც შევახსენებ, ასეთი თავდასხმები ჩვენ გვესმოდა მიხეილ სააკაშვილის პროცესის შემდეგ, ნიკა მელიას პროცესის შემდეგ, გვარამიას პროცესის შემდეგ. ყველა ამ პროცესების შემდეგ დღეს თუ კალასია, წინა პერიოდში სხვა ჩინოვნიკები გამოდიოდნენ და ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და ქართველ მოსამართლეებს. ყოველ ჯერზე, სტრასბურგში მიდიოდა საქმე და აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ევროკავშირი იყო მტყუანი და ქართველი მოსამართლე იყო მართალი სააკაშვილის საქმეზე. რომ მელიას საქმეზე ევროკავშირი იყო მტყუანი და ქართველი მოსამართლე იყო მართალი. რომ გვარამიას საქმეზე ევროკავშირი იყო მტყუანი და ქართველი მოსამართლე იყო მართალი. ნაცვლად იმისა, რომ ქალბატონი კალასი ევროკავშირის სახელით ბოდიშს უხდიდეს ქართულ მართლმსაჯულებას ევროკავშირის მანამდე არსებული თავდასხმების გამო, რომლებიც აღმოჩნდა სრული დეზინფორმაცია და ცილისწამება, დღეს ის ცილს სწამებს ქართველ მოსამართლეებს და ემუქრება ქართველ მოსამართლეებს სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებებით. ამას აღარანაირი კავშირი ევროპულ ღირებულებასთან არ აქვს და სამწუხაროა, რომ პოსტსაბჭოთა პოლიტიკურმა ელიტამ ასე გააუფასურა ბრიუსელი, მისი ავტორიტეტი, რომ ჩვეულებრივი საბჭოთა სტილის თავდასხმის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად აქცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.