„გარდაცვალების მეორე დღეს დედამ მკითხა, გამაგებინე, რატომ მიზის აქ ორი დღეა ჯანსუღიო“ – თაკო ჩარკვიანის ემოციური ინტერვიუ

თაკო ჩარკვიანი

მუსიკოს მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. მასთან განშორება განსაკუთრებით მტკივნეული ოჯახის წევრებისთვის არის.  თაკო ჩარკვიანი გამოცემა „ზმნა“-სთან ინტერვიუში გულახდილად საუბრობს იმ განცდებზე, რომელიც მისი ძმის გარდაცვალებამ გამოიწვია.

„დედამ გულის შუნტირება წლების წინ გაიკეთა. სარქველის ოპერაცია ვერ გავაკეთეთ, ისეთ მძიმე მდგომარეობაშია. გლაუკომის ნიადაგზე ასპროცენტიანი სიბრმავე შეიძინა. რვა წელი ხდება, რაც ასეა. მამა რომ გარდაიცვალა, გლაუკომამ მაღალი წნევა გამოიწვია და ასე დაკარგა მხედველობა. დედამ არ იცის მამუკას გარდაცვალება. არ მოვისვენე და რამდენიმე მოძღვარს დავეკითხე; მითხრეს, რომ არ მეთქვა ეს მისთვის. ან რა აზრი აქვს?

ვინც ნახა, იცის, რომ ის ჩვეულებრივი ცუდად მყოფი პაციენტი არ არის. არაჩვეულებრივად მძიმე პაციენტია. ყოველ დილით ცოცხალი რომ მხვდება ის მიხარია და აბა, რას ვეტყოდი მის მდგომარეობაში?! ამდენ ხანს რატომ არის რეანიმაციაშიო, ინტერესდება. უკვე პალატაში გადმოვიყვანეთ-მეთქი, ვეუბნები. იცით, რა „გვშველის“, პარკინსონის და ბოლო ორ წლიანი პნევმონიების გამო, დედა და მამუკა ვერ ლაპარაკობდნენ ერთმანეთთან. ამიტომ არ უკვირს, რომ ტელეფონზე ვერ ელაპარაკება. მერე მასაც, საათების განმავლობაში, არ აქვს საუბრის თავი. მამუკას გარდაცვალების მეორე დღეს მკითხა:

მთაწმინდაზე იყავი ასული? ვიყავიმეთქი. აბა, გამაგებინე თვალს რომ დავხუჭავ და ჩამეძინება, გავახელ თუ არა, ეს ორი დღეა რატომ მიზის ჯანსუღი აქ?! ეს ხომ არის შეგრძნება, ინფორმაციის შემოსვლა ტვინში, სხეულში. ეს სამყაროს დიდი ენერგეტიკაა. ამ ენერგეტიკამ უშველა ერთ ხანს მამუკას. მე მაშინ ფეისბუქზე დავწერე, ცუდად რომ იყო, რომ მისთვის დადებითი ენერგია გამოეგზავნათ. მერე, გამოხმაურებას და კომენტარებს, ხმამაღლა ვუკითხავდი პალატაში – ნახე, რას გწერენ და რა ენერგია წამოვიდა მეთქი. ძალიან გაუხარდა. მახსოვს, ყავა და ნაყინი მომთხოვა. ვამბობდით, გამოძვრა-მეთქი“, – ამბობს თაკო ჩარკვანი.