1771789041
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის კონგრესის წევრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს სათქმელს ვიტყვით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის კონგრესის წევრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.
პაპუაშვილის თქმით, კონფერენცია იქნება მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც, ფაქტობრივად, სუვერენული ერების გამოფხიზლების ეპოქას ეხება.
„იმ ყალბ იდეოლოგიას, ყალბ გლობალისტურ მიდგომებს თავს ახვევდნენ მცირე ერებს, თორემ ძლიერ სახელმწიფოებს ყოველთვის თავისი დღის წესრიგი ჰქონდათ და ისე მოქმედებდნენ. ეს ყალბი გლობალისტური იდეები სრულად გაშიშვლებულია და პირველ ყოვლისა, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი. დაარქვა, რაც ყოველთვის იყო ისტორიაში, რომ ყველა სახელმწიფო მოქმედებს თავის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ჩვენს აკაცუკებს ჰგონიათ, რომ ესტონეთის ხელისუფლება საქართველოს ინტერესებით მოქმედებს. ეს დააჯერეს მათ, დაარეგისტრირეს ესტონეთში, მისცეს ფული და დადიან ახლა ესტონეთში, აფრიალებენ ესტონეთის დროშებს, თურმე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ინტერესებით მოქმედებს. ამ დონეზე მიიყვანეს ყალბი გლობალისტური იდეებით, თითქოს სხვა ქვეყნის ხელისუფლებები მეორე ქვეყნის ეროვნული ინტერესებით მოქმედებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელი კონფერენციაა. ჩვენს დელეგაციას კონფერენციის ფარგლებშიც და მიღმაც ექნება კოლეგებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს სათქმელს ვიტყვით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.











