შალვა პაპუაშვილი: ისფედ-ის პარალელური დათვლის შედეგები იყო პირველი განგაშის ზარი, რომ ჩვენი გულღიაობა ვიღაცამ გაიგო, როგორც უფლება, ქართულ პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინათ და დავემორჩილებინეთ

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ არც ირაკლი კობახიძე და არც თავად არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული არ ყოფილან.

პაპუაშვილი გავრცელებულ ფოტოებს გამოეხმაურა და მას ფოტო-ვიზუალური ჟონგლიორობა უწოდა.

პაპუაშვილის განმარტებით, ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ორგანიზაცია UNDP-ის თანამშრომელი, თავად კი, სამთავრობო ორგანიზაციის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის თანამშრომელი იყო.

„შარშანწინდელი სხვა ფოტოებიცაა, სადაც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, იგივე „ენჯეოებთან“ მრგვალ მაგიდასთან ვზივარ, მერე? ფოტო რას გეუბნებათ? ის ფოტო-ვიზუალური ჟონგლიორობა, რაც თქვენ ჩაატარეთ, საინტერესოა. სხვათა შორის, ჩემი სხვა ფოტოც დაიდო, სადაც მოქმედი პრემიერი, ირაკლი კობახიძე და მე ვართ. იმ ფოტოზე ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ორგანიზაცია UNDP-ის თანამშრომელია, ხოლო მე სამთავრობო ორგანიზაცია – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის თანამშრომელი. გავასწოროთ ფაქტები, რათა თქვენი ფოტო-ვიზუალური ჟონგლიორობა გამოიკვეთოს. არც პრემიერ-მინისტრი და არც მე არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული არ ვყოფილვართ. პრემიერ-მინისტრი იყო საერთაშორისო ორგანიზაციაში, მე – სამთავრობოში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამავდროულად, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ქართულმა სახელმწიფომ მათ ამ კუთხით კარი გაუღო, თუმცა ზოგიერთმა ეს გაიგო, როგორც უფლება, გავლენა მოეხდინათ ქართულ პოლიტიკაზე.

„ქართულმა სახელმწიფომ არათუ მაგიდა და კარი, არამედ გული და სული გაუღო უცხოელ პარტნიორებს, ქვეყნებს და სახელმწიფოებს, ჩვენი ქვეყნის მოწყობის თანამონაწილე გავხადეთ. გერმანიის სამთავრობო ორგანიზაციაში როცა ვმუშაობდი, მახსოვს ჩემი განცვიფრება. გახლდით პარლამენტში, ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და სასამართლო რეფორმაზე მიმდინარეობდა შეხვედრა. იყვნენ უმრავლესობა, ოპოზიცია, არასამთავრობოების წარმომადგენელი და მაგიდასთან ისხდნენ – ევროკავშირის ელჩი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი. ელჩები ჩვეულებრივად მონაწილეობდნენ, მოსამართლეთა შერჩევის მუხლი როგორ ყოფილიყო. მახსოვს ჩემი პირველი გაკვირვება, რომ შიდა საკანონმდებლო პროცესში ელჩების დონეზე იყო ჩართულობა. პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს აქ ელჩები ყოფილან, მოსულან. აკრედიტაციის წესები რომ დავაწესე, ერთ-ერთმა ელჩმა მითხრა, კი მაგრამ, ეს რა არისო. ბოლოს მართლა ვუთხარი – ვინ გეკითხებათ, გეუბნებით, საელჩოში როგორ შეუშვა და არ შეუშვა ჟურნალისტი-თქო?. ამ დონეზე გავუღეთ კარი, ვაჩვენეთ მეგობრობა და როგორც გვესმის პარტნიორობა, მაგრამ ვიღაცებმა ეს გაიგეს, როგორც დაქვემდებარება და მორჩილება. ოჯახში შემოვუშვით, სიტყვა ვათქმევინეთ და ქართული ორგანიზაციების ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად გამოყენება დაიწყეს. ეს პროცესი 2020 წლიდან დაიწყო და აშკარა გახდა. მანამდე იყო თანამშრომლობა და ღია პროცესის ჩვენება, რომ დასამალი არაფერი იყო. „ისფედის“ პარალელური დათვლის შედეგები იყო პირველი განგაშის ზარი, რომ ჩვენი გულღიაობა, ღია კარი ვიღაცამ გაიგო, როგორც უფლება, ქართულ პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინათ და დავემორჩილებინეთ.

მაშინ ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას. ამის შემდეგ სტატუსი არ მოგვცეს, აქ „ენჯეოები“ გამოიყვანეს და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს. ამის შემდეგ, ვცდილობდით ელჩებისა და დონორების დარწმუნებას, რომ პოლიტიკაში მათი ჩართვა არ შეიძლებოდა და მზად ვიყავით მეგობრობისთვის, არა მორჩილებისთვის. ვიღაცას ჩვენი მორჩილება უნდოდა. რეაქცია მოჰყვა იმას, როცა ჩვენი მეგობრობა ვიღაცამ ჩვენს მორჩილებად გაიგო. რადგან უფლებას ვაძლევდით, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების თანაზიარი ყოფილიყვნენ, ეს გაიგეს, რომ მოგვცენ მითითება, როგორ უნდა მოეწყოს ჩვენი ქვეყანა. ეს ისევეა, როგორც მეზობელი სახლში შეუშვათ და თქვენი კითხვა, ნახატი სად ჩამოკიდოთ, ისე გაიგოს, რომ მეორე დღეს, თქვენდა დაუკითხავად, თქვენს ბინაში შევიდეს და ავეჯი გადაადგილოს. ვიღაცებმა ეს ყველაფერი ისე გაიგეს, რომ ფული შემოიტანონ აქ და დაიწყონ ავეჯის გადანაცვლება, რა როგორ მოაწყონ. ანუ, ჩვენი სუვერენიტეტი გააუქმონ. ბოდიში მიგვითხოვია, მაგრამ ჩვენ არაფრის ფასად არ გვინდა დამოუკიდებლობის დათმობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.