1749042430
შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკის: ხელისუფლების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებისაგან დისტანცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან მომდინარეობს

მინდა გამოვხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველოში ევროკავშირის მისიას საჯაროდ არ დაუგმია შეურაცხყოფების მიმდინარე კამპანია და აგრესიული თავდასხმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებზე, იმ ინდივიდების მხრიდან, რომლებსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ გაგზავნილ წერილში. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამფინანსებლების მხრიდან მსგავსი ქცევის რეაგირების გარეშე დატოვება, ამ ჯგუფებს აძლევს საშუალებას, ევროკავშირის მისიის უმოქმედობა შემდგომი ძალადობრივი ქმედებებისათვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნად მიიღონ.
„ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ჩემი ბოლო წერილის ჩათვლით, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებისაგან დისტანცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან მომდინარეობს. როგორც ჩემს წინა წერილში აღვნიშნე, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამფინანსებლების მხრიდან მსგავსი ქცევის რეაგირების გარეშე დატოვება, ამ ჯგუფებს აძლევს საშუალებას, ევროკავშირის მისიის უმოქმედობა შემდგომი ძალადობრივი ქმედებებისათვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავს მიიღონ. იქმნება წარმოდგენა, რომ ზიზღი და ძალადობა შეიძლება „ევროპული ღირებულებების“ სახელით იქნეს გამართლებული. მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის დაგმობის ნაცვლად, გვესმის მხარდამჭერი განცხადებები იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის ორგანიზატორები.
ჩემი გაფრთხილება, რომ უმოქმედობა მწვანე შუქად იქნებოდა აღქმული, მალე გამართლდა. ვნახეთ, თუ როგორ დაესხნენ თავს ჟურნალისტს 9 მაისს, ევროკავშირის მისიის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეზე მოწვეული სტუმრები, რომლებიც, ცნობილი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები. სამწუხაროდ, ამის შემდეგაც კი, არ მოგვისმენია ამ ინციდენტის საჯარო დაგმობა. 17 მაისს, კვლავ „ევროპული ღირებულებების“ სახელით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, იმავე პირებმა, რომელთა მიმართაც ევროპელი აქტორენი მანამდე მხარდაჭერას გამოხატავდნენ. 22 მაისს, კვლავ „ევროპული ღირებულებების“ მოხმობით, გამართლებულ იქნა სიტყვიერი თავდასხმა და მუქარა პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუას მიმართ, ორი პირის მხრიდან, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები“, - აღნიშნულია წერილში.