შალვა პაპუაშვილი: ევროპაში კანონის რეგულაციების მორჩილებაზე მითი დაიმსხვრა, როდესაც დღისით, მზისით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი

შალვა პაპუაშვილი

ფაქტია, დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით, მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს იყო ზეწოლა ივანიშვილზე, რათა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისკენ ებიძგებინათ.

„კვლავ გავიმეორებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ გამოყენებულ შეფასებას, რომ ეს იყო ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა, დღისით, მზისით, შუაგულ ევროპაში, ევროპული საფინანსო სტრუქტურების გამოყენებით, რომლებიც ასე ამაყობენ თავიანთი რეგულაციებით, გამჭვირვალობით, კანონისადმი განსაკუთრებული მორჩილებით და ა.შ. ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვაკვირდებით ამ წლების განმავლობაში სასამართლო პროცესს, ჩამოიშალა.

როგორც აღმოჩნდა, ევროპაში არ მუშაობს არც იქაური ეროვნული ცენტრალური ბანკების რეგულაციები, არც სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, არც სხვა რაიმე განსაკუთრებული მექანიზმები, თუკი არსებობს პოლიტიკური ინტერესი. ნათელი დასტურია, რომ ეს იყო პოლიტიკური მიზანი ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლისა, რათა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისკენ ებიძგებინათ. წლების განმავლობაში ამ ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენებას ცდილობდნენ. ფაქტია, დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით, მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მეორე საკითხი ის არის, რომ ამ პროცესის უკან პოლიტიკური მიზანი თუ დგას, ვიდრე არ გააცნობიერებენ, რომ ზეწოლით ამ მიზანს ვერ მიაღწევენ, ყველა შეეცდება სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებას. მათ შორის სანქციაც არის ერთ-ერთი დამზღვევი მექანიზმი, რომელიც, თავის დროზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ დააწესა. იმ ადმინისტრაციამ, რომელსაც დღევანდელი პრეზიდენტი „ავტოკალმის ადმინისტრაციას“ უწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ის სხვისი ხელით იმართებოდა და თავისი ნებით არ მოქმედებდა. ამ ადმინისტრაციის ხელით დააწესეს სანქციები და შეზღუდვები ბიძინა ივანიშვილისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ბოლო პერიოდში ევროპა ე.წ. სანქციომანიას ჰყავს შეპყრობილი“.

„ერთ რამეს უნდა დავაკვირდეთ, რატომ იყენებენ ამ ინსტრუმენტს ასე ხელგაშლილად ევროპელები. არ სჭირდებათ არც სასამართლო კონტროლი, არც რაიმე დასაბუთება, არაფერი, აბსოლუტური თვითნებობაა. ჩვენ რომ გვეუბნებიან სხვადასხვა კომისრები ბრიუსელიდან, რომ ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება, შემდეგ სასამართლო კონტროლი, უნდა იყოს დასაბუთება, უნდა იყოს ხანგრძლივი განხილვა და ა.შ. ეს ყველაფერი ხაზგადასმულია. გამოვა რომელიღაც ერთი ბიუროკრატი და კალმისტრის ერთი მოსმით გადაწყვეტს ამ საკითხს ისე, რომ ადამიანი ვერაფერს იზამს. ისე გააქრობენ მას ეკონომიკური ურთიერთობიდან, თვალს არ დაახამხამებენ. ეკონომიკური სანქციები ზუსტად ეს არის, რომ არის სისხლის სამართლის სასჯელის ტოლი მექანიზმი, როდესაც, მაგალითად, უზღუდავენ ადამიანს საბანკო მომსახურებაზე წვდომას. ნულია სასამართლო კონტროლი, საერთოდ არაფერი, აბსოლუტური თვითნებობაა. ეს ხალხი შემდეგ რაიმე ღირებულებაზე რომ საუბრობს, რა თქმა უნდა, სასაცილოა.

რაც შეეხება კონკრეტულად ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, შეგახსენებთ, რა იყო ამ შეზღუდვის დასაბუთება – რუსეთის სასარგებლოდ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ასეთი სისულელეა ჩაწერილი შეზღუდვაში. მოსალოდნელიც იყო ბაიდენის ადმინისტრაციისგან, რომელიც სრულად არაფორმალური მმართველობის ქვეშ იყო. ამავე დროს, ჩვენთვის ეს არის საზომი, რამდენად ხდება იმ მცდარი გადაწყვეტილებების გადააზრება, რომელსაც აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ იღებდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.

ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.