შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, მათ შორის იმ ქვეყნებს, ჩვენ რომ ჭკუას გვასწავლიან, თუმცა არასდროს წამოგვიძახებია ამ ქვეყნებისთვის, რომ ჩვენზე უარესი მდგომარეობა აქვთ

შალვა პაპუაშვილი

დღეს ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, მათ შორის იმ ქვეყნებს, ჩვენ რომ ჭკუას გვასწავლიან, თუმცა არასდროს წამოგვიძახებია ამ ქვეყნებისთვის, რომ ჩვენზე უარესი მდგომარეობა აქვთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, კორუფციასთან საბრძოლველად პარლამენტმა მოამზადა ინიციატივა, რომელიც მსგავსი დანაშაულების პრევენციას ისახავს მიზნად.

„უპირველეს ყოვლისა, მივდივართ გაცხადებული მიზნისკენ - საქართველოს წარმატებული შედეგები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადავიყვანოთ ახალ ნიშნულზე და ვიყოთ საუკეთესო სამეულში ამ მხრივ. დღეს ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, მათ შორის იმ ქვეყნებს, ჩვენ რომ ჭკუას გვასწავლიან, თუმცა არასდროს წამოგვიძახებია ამ ქვეყნებისთვის, რომ ჩვენზე უარესი მდგომარეობა აქვთ. ამიტომ ჩვენ ვართ ძიებაში იმ ნაბიჯების, რომლებიც ერთის მხრივ როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის მეშვეობით, ასევე სისტემის მხრივ, შექმნის ყველანაირ ბარიერს, რომ არ წახალისდეს და არ იყოს იმის ცდუნება, რომ კორუფციულ გარიგებებში შევიდეს ესა, თუ ის მოხელე.

ეს ცვლილებაც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, რომ ვინმემ არ იფიქროს, რომ შეიძლება გარკვეული კორუფციული შემოსავალი მიიღოს, შეეგუოს იმას, რომ რამდენიმე წელი დაყოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იმ იმედით, რომ როდესაც თავისუფლებაზე დაბრუნდება, მანამდე კორუფციულად მიღებული თანხები გამოიყენოს. ამის პრევენციას ემსახურება ქონების დეკლარირების 30-წლიანი ვალდებულება არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვის. მანამდე მივიღეთ ცვლილებები თაღლითობასთან დაკავშირებით, რათა დაზარალებულების სრული დაკმაყოფილება მოხდეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

კორუფციასთან საბრძოლველად პარლამენტმა მოამზადა ინიციატივა, რომლითაც ქონებრივი დეკლარაციის 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ იმ ყოფილ მოხელეებს, რომელთა მიმართ სამოხელეო დანაშაულისთვის გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.