უკრაინასთან წიაღისეულის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მა უკრაინაში პირველი ინვესტიცია განახორციელა

ukraina usa

უკრაინასთან წიაღისეულის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მა უკრაინაში პირველი ინვესტიცია განახორციელა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდში 75 მილიონი დოლარის ოდენობის პირველი შენატანის შესახებ განაცხადა.

უკრაინაც იმავე თანხას შეიტანს, რაც ფონდის მთლიან კაპიტალს 150 მილიონ დოლარამდე გაზრდის. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.

„ეს ფონდის სრული ფუნქციონირების დაწყების პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და დღეის მდგომარეობით შეგვიძლია, განვაცხადოთ: ოპერაციული სამუშაოები დაიწყო. თავდაპირველად ყურადღება გამახვილდება ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და კრიტიკული მინერალების სფეროებში განხორციელებულ პროექტებზე. უკრაინა 2026 წლის ბოლომდე სამი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამ სასტარტო კაპიტალს ჩვენთვის დამატებითი მნიშვნელობა აქვს – ამერიკული ინვესტიციები შეიძლება, გახდეს უსაფრთხოების საიმედო გარანტი როგორც უკრაინისთვის, ასევე ჩვენს ქვეყანაში ამერიკული ბიზნესისთვის“, – აღნიშნა უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელმა.

პირველ მაისს შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესახებ. შეთანხმებამ გზა გაუხსნა უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას.