შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ვიხილეთ საქართველოს დროშის შეურაცხმყოფელი კადრებით ქართველი ხალხისადმი „მილოცვა“, ვურჩევდი, ძალადობის წამაქეზებელი „მილოცვა“ გვერდიდან აიღონ

შალვა პაპუაშვილი

გუშინ, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს, ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ვიხილეთ უხამსი და საქართველოს დროშის შეურაცხმყოფელი კადრებით ქართველი ხალხისადმი „მილოცვა“. თავად ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო, ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლზე, რომელშიც აქციის კადრებიც არის გამოყენებული.

„ევროკავშირის საელჩოს თუკი მაინცდამაინც უნდოდა მოლოცვა, იქნებ ევროკავშირმა, ბოლოს და ბოლოს, აიღოს მაგალითი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან და ენახა, როგორ მიულოცა აშშ-ის საელჩომ გუშინ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე. ის, რასაც დღეს პოლიტიკურ სივრცეში ვხედავთ, აჩვენებს, რამდენად ღირებულებითად არიან აცდენილი დღეს ევროკავშირი და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ზუსტად იგივე ვიხილეთ საელჩოების დონეზე. ეს კონტრასტი, რომელიც გუშინ იყო, ძალიან კარგად აჩვენებს იმ ცივილიზაციურ უფსკრულს, საითაც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია მიაქანებს ევროკავშირს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ეს იყო ძალადობის გამართლების, რომანტიზების და მათ შორის მხარდაჭერის აქტი.

„საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ვიხილეთ უხამსი, საქართველოს დროშის შეურაცხმყოფელი კადრებით ქართველი ხალხისადმი „მილოცვა“. რა თქმა უნდა, ეს უხამსობა აბსოლუტურად მიუღებელია. თავად ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო, ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი, რაც ვნახეთ ევროკავშირის საელჩოს სოციალური მედიის გვერდზე. ეს უხამსობა უნდა შეწყდეს. მათ ადგილას, ამ ვიდეოს საერთოდ ავიღებდი, რადგან ეს უხამსობა, ქართული დროშის, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, პირველ ყოვლისა, არის თავად ევროპის იდეის შეურაცხყოფა.

ეს იყო გარკვეული პოლიტიკური გზავნილიც. ამაზე გასაგებად როგორ უნდა გვითხრან, ვისგან არის სიძულვილი და ძალადობა შთაგონებული, დაფინანსებული და მართული. ჩემი რჩევა იქნებოდა, ეს უხამსი, საქართველოს დროშის, ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელი და ძალადობის წამაქეზებელი „მილოცვა“ აიღონ საკუთარი გვერდიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.