1759434862
შალვა პაპუაშვილი: ექსტრემიზმს ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით ტკბილი სიტყვით. საჭირო არის იმ საკანონმდებლო ინსტრუმენტების გამოყენება, რომლითაც ყველა ქვეყანაში ებრძვიან ექსტრემიზმს

როცა გვყავს ექსტრემისტები, მათ არაფერი ეშველებათ. ექსტრემიზმის ბუნება არის ის, რომ ისინი დემოკრატიის მტრები არიან. სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესაბამისად ჩვენ ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე ექსტრემისტული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ექსტრემიზმს ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით ტკბილი სიტყვით. საჭირო არის იმ საკანონმდებლო ინსტრუმენტების გამოყენება, რომლითაც ყველა ქვეყანაში ებრძვიან ექსტრემიზმს. შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან გერმანიაში გაუქმდა ექსტრემისტული ორგანიზაცია, სხვადასხვა ქვეყანაში პარტიებს აუქმებენ, მოლდოვაში ახლახან გაუქმდა ერთი პარტია. სწორედ ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, ამ ტერმინის მნიშვნელობა, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას ანტი დემოკრატებისგან და დემოკრატიის მტრებისგან.
ექსტრემისტებს არაფერი ეშველებათ გარდა იმისა, რომ მათ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის ფარგლებში შესაბამისი კანონისმიერი პასუხი უნდა გაეცეთ. რაც შეეხება მათ, ვისაც ცრუ იმედები ჰქონდა, რომ საქართველო მარიონეტულ სახელმწიფოდ ითვლებოდა, მათ დღეს საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დაანახებენ სად არის ქართველი ხალხის ნება.
ეს იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი მათ შორის ბრიუსელისთვის. რომ ვნახოთ ისინი ერთგული არიან თუ არა ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს სახალხო ლეგიტიმაციას, თუ ჩარჩებიან იმ პოლიტიკურ ინტრიგაში, რომელსაც ჩვენ ვხედავდით შარშან არჩევნების შემდეგ და მანამდეც. მათთვის ეს არის შანსი, რომ დაანახონ ქართველს ხალხს, ჩვენ გვაქვს საქმე 21- საუკუნის ევროპასთან, თუ 100 წლის წინანდელ ევროპასთან. დაგვანახონ, რომ ევროპა ეს არის ღირებულება და არა ლითონის სიტყვები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.