შალვა პაპუაშვილი: ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური, ზედმეტი პოლიტიზება არაფერს მოუტანს არავის

შალვა პაპუაშვილი

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ზედმეტი პოლიტიზება არაფერს მოუტანს არავის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაუსვეს კითხვა.

„მგონი, მთლიანად პროცესი ძალიან გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რამდენადაც ეს შეიძლება იყოს, როცა საქმე ეხება პერსონალურ ინფორმაციას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ პენიტენციური სამსახური ჩართულია. მათ შორის არა მხოლოდ სამსახურის ექიმებს, ხოშტარიას პირად ექიმებსაც შეუძლია მისი მონახულება.

რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ზედმეტი პოლიტიზება არაფერს მოუტანს არავის, არც არასდროს მოუტანია. ასე რომ, ვინმე თუ გულშემატკივრობს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, მთავარია, სამედიცინო მონაცემებს და ექიმების მონაცემებს მიყვნენ. სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უფასო სამედიცინო დახმარებას, ჯანმრთელობაზე ზრუნვას. როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.