შალვა პაპუაშვილი: ეჭვი არც გვეპარებოდა, რომ მამუკა მდინარაძე პირველივე დღიდან სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამდა, მამუკა მდინარაძეს აქვს სრული ნდობა

 შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ეყრდნობოდეს იმ მოადგილეებს, რომლებმაც ზუსტად უნდა შეასრულონ ამოცანები, რომლებსაც ხელმძღვანელი დაუსახავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ახალ მოადგილეებზე.

„თავად მამუკა მდინარაძის გამოცდილებიდან, პიროვნებიდან, პროფესიული თვისებებიდან, მათ შორის, პოლიტიკური ალღოდან, რაც ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელისთვის, გამომდინარე, ეჭვი არც გვეპარებოდა, რომ ის პირველივე დღიდან სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ გადადგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ხელმძღვანელი ეყრდნობოდეს იმ მოადგილეებს, რომლებმაც ზუსტად უნდა შეასრულონ ის ამოცანები, რომლებსაც ხელმძღვანელი დაუსახავს როგორც ინსტიტუციური რეფორმირების, თუ ცვლილების, ისე თავად საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მხრივ. ამიტომ, მამუკა მდინარაძეს აქვს როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის კენჭისყრის შედეგად, პარლამენტის სრული ნდობა და ვუსურვებთ წარმატებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს. სუს-ის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. სუს-ის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნენ.