შალვა პაპუაშვილი BBC-ის წინააღმდეგ სარჩელზე: ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ ვამხილოთ ის საძაგელი ტყუილი, რომელიც იყო საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. პროცესში მომზადებული უნდა შევიდეთ, რათა შედეგს მივაღწიოთ

 შალვა პაპუაშვილი

ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვამხილოთ ის საძაგელი ტყუილი, რომელიც იყო საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის ერთ-ერთი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. ამიტომ, პროცესში მომზადებული უნდა შევიდეთ, რათა შესაბამის შედეგს მივაღწიოთ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მათი სურვილია, სარჩელი რაც შეიძლება მალე მომზადდეს.

„BBC-ის საკითხზე იურისტები მუშაობენ. ვსწავლობთ იმ პროცედურებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში არსებობს, როგორც კომუნიკაციის კომისიის საკითხში, ასევე სასამართლოს მიმართულებით. ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვამხილოთ ის საძაგელი ტყუილი, რომელიც იყო საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის ერთ-ერთი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. ამიტომ, ამ პროცესში მომზადებული უნდა შევიდეთ, რათა შესაბამის შედეგს მივაღწიოთ. ამაზე იურისტები მუშაობენ, რაც საჭიროა პროცედურის დასაწყებად. ჩვენი სურვილია, სარჩელი რაც შეიძლება მალე მოვამზადოთ.

პროცედურებს ვსწავლობთ, რათა არ მოხდეს ისეთი პროცედურული დარღვევა, რომ საჩივარს რაიმე საფრთხე არ შევუქმნათ. ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მალე მოხდეს. ხედავთ, დონალდ ტრამპს რამდენიმე თვე დასჭირდა, რომ სარჩელი შეეტანა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მათი მტკიცებულებები იქნება, მათ შორის, ის ტენდენცია, რასაც BBC-ში ხედავენ, რაც ტრამპის წინააღმდეგ იყო, რაზეც საუბრობს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლის ტრანსი.

„დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი BBC-ის პირდაპირ ხელს ადებს, როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტს. ამაზე მეტი ავტორიტეტი რაღა უნდა იყოს BBC-ის შესაფასებლად? ყველა მხილებას, დოკუმენტს თავს მოვუყრით, სამართლებრივად ჩარჩოში მოვაქცევთ და ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მალე წარვადგინოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.