შალვა პაპუაშვილი BBC-ის წინააღმდეგ საჩივარზე: სადაც დღევანდელი ხელისუფლება აღმოჩენილა ევროპელებთან სტრასბურგში პირისპირ, ყველგან მოგვიგია და აქაც მოვიგებთ, თუ ბრიტანეთი თავად ვერ შეძლებს პატიოსანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას

შალვა პაპუაშვილი

გამოცდილება გვეუბნება, რომ სადაც საქართველოს სახელმწიფო და დღევანდელი ხელისუფლება აღმოჩენილა მისი განშტოებებით ევროპელებთან სტრასბურგში პირისპირ, ყველგან მოგვიგია და აქაც ზუსტად ასევე მოვიგებთ, თუ ბრიტანეთი თავად ვერ შეძლებს პატიოსანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ევროპარლამენტმა მიმართა ევროკომისიას, რომ უფრო მეტად დაინტერესდეს საქართველოში გასული წლის აქციების დროს აქციის მონაწილეების ქიმიური ნივთიერებით სავარაუდოდ მოწამვლასთან დაკავშირებით და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაარწმუნა დასავლეთი, რომ აკრძალული ნივთიერება გამოყენებული არ იყო.

„ამის [მიმართვის] მიზეზი ერთადერთია - ევროკავშირში დღემდე არ არის ისეთი სისტემა, როგორიც ამერიკაშია FARA-ს სახით. ჩვენ არ ვიცით, ვინ რა ფულს იღებს, არადა ვიცით, რომ ევროპარლამენტში ფულს იღებენ, ვნახეთ ამისი კადრებიც, ფულიც, ვიცე-სპიკერის დონეზე როგორ ხდება ფულით საქმის გაკეთება ევროპარლამენტში. ამიტომ არცერთი ამ ადამიანის მიმართ ნდობა არ მაქვს, რომ რაიმე საკუთარი პოლიტიკური მოტივაცია გააჩნიათ საკითხების წამოყენების. თავად ის კორუფციული სკანდალები, რომელიც ევროპარლამენტში ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია, წარმოშობს ეჭვს, რომ აქაც საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებებთან და ეს არის ერთ-ერთი მოტივაცია ვიღაცების ხმაურის.

ამდენი ხანი გავიდა უკვე. ჩვენ ჩვენი გავაკეთეთ. გამოძიება ჩატარდა, ყველაფერს პასუხი გაეცა და იქვე თქვა, რომ თუ რაიმე საკითხზე პასუხი არ არის, აგერ არის გამოძიების მასალები, ნებისმიერ რელევანტურ უცხოურ ორგანიზაციას თუ აქვს ინტერესი, მობრძანდით, ყველაფერს გაგაცნობთ დეტალურად, რაც შეიძლება საჯარო იყოს, ან არ იყოსო, ირონიით ისიც დავამატე, თუ გინდათ, ბილეთსაც გიყიდით თქო, თქვენი აზრით, რამდენმა მიმართა პროკურატურას, ან მთავრობას?! არცერთმა მიმართა. იცით რატომ? რომ ჩამოვლენ, გადაშლიან, ყველაფერს რომ ნახავენ, ხომ უნდა გამოვიდნენ ევროპარლამენტარები და სხვები და თქვან, რომ დეზინფორმაციას ვავრცელებდით, ცილს ვწამებდით ქართველ ხალხს, ვიგონებით პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს. მართლა გებელსის ტვინი უნდა იდოს ვიღაცაში, რომ ასეთი დიდი ტყუილები შეთხზა, რომ მერე თქვან, ასეთ დიდ ტყუილსაც ხომ არ იტყოდნენო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გამოძიების მიმდინარეობაზეც ისაუბრა.

„იცით, რომ BBC-ის ვუჩივლეთ. თუ ბრიტანეთის მართლმსაჯულება ვერ შეძლებს, რომ გაუმკლავდეს ამგვარ საძაგელ ცილისწამებას მთელი სახელმწიფოს მიმართ და შეიწყნარებს სისაძაგლეს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემა, ბრიტანეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში წავალთ. გამოცდილება გვეუბნება, რომ სადაც საქართველოს სახელმწიფო და დღევანდელი ხელისუფლება აღმოჩენილა მისი განშტოებებით ევროპელებთან სტრასბურგში პირისპირ, ყველგან მოგვიგია და აქაც ზუსტად ასევე მოვიგებთ, თუ ბრიტანეთი თავად ვერ შეძლებს პატიოსანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საჩივარი BBC-ის მმართველი გუნდისგან - „ქართული ოცნება“ შესაბამისი პლატფორმებიდან მასალის აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც BBC საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა.

ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს აქციების დასაშლელად არ გამოუყენებია და ეს ნივთიერება საქართველოს არასდროს შეუძენია.