შალვა პაპუაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშზე: ესეც ჩვენ ვართ?

 შალვა პაპუაშვილი

ესეც ჩვენ ვართ? - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში რეგულარულად ერევა.

ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს ბრიუსელის ცივილიზაციური უფსკრულისკენ მოძრაობის კიდევ ერთ მაგალითია.

„ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე და სწორედ სიმართლეს რომ ეფუძნება ყველა ჩვენი მოქმედება და განცხადება, ამიტომაც არის, რომ ხანდახან საჭიროა რამდენიმე კვირა, თვე, შეიძლება წელიც იმისთვის, რომ ჩვენი სიმართლე გამოაშკარავდეს ან აღიარებული იყოს. ფაქტი ერთია - ჩვენი სიმართლე ყოველთვის აღიარებულია.

ერთ-ერთი სიმართლე სწორედ ეს არის, რომ დიახ, ბრიუსელი ერევა სხვა ქვეყნების არჩევნებში. საქართველოს მაგალითი ამის ყველაზე მძიმე შემთხვევაა. პირდაპირ ელჩი ჩაერია, საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული ბრიუსელის დაფინანსებით, მათ მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ გამოყენებით. მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევნებში დამარცხდნენ, იყო მცდელობა, რომ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას და ქართველი ხალხის ნებას. აუქმებენ 1,2 მილიონ ამომრჩეველს, ვინც „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. შემდეგი ნაბიჯია, რომ ეს ხალხი ან უნდა გაყარონ ჩვენი ქვეყნიდან ან რაღაც რეზერვაცია შეუქმნან და იქ შეყარონ, იმიტომ, რომ მათი აზრი აზრი არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.