შალვა პაპუაშვილი: არსებობს მარგინალური ჯგუფი, რომლისთვისაც საუცხოოა, რაც კი გარედან მოდის, ეს არის ვასალობა, ქართველ ხალხს არ სურს, უცხო ქვეყნიდან მართული იყოს

შალვა პაპუაშვილი

დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავზე მარგინალური ჯგუფი გვყავს, რომელსაც უცხოელის სახით ცრუ კერპები შეუქმნეს და ფიქრობენ, რომ გარედან რაც კი მოდის, საუცხოოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველ ხალხს არ სურს, უცხო ქვეყნიდან მართული იყოს.

„მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოს ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს, რომელიც გარე მითითებებს შეასრულებს; მთავარი პრეტენზიაა, რატომ არ ვუჯერებთ ევროკავშირის ელჩს, რასა იუკნევიჩიანეს ან მეშვიდეხარისხოვან ბიუროკრატს ბრიუსელში? მათთვის კანონი უცხოელების სიტყვა უნდა იყოს და არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ეს არის მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც ვდგავართ. მარგინალური ჯგუფი გვყავს, რომელსაც უცხოელის სახით ცრუ კერპები შეუქმნეს და ფიქრობენ, რომ გარედან რაც კი მოდის, საუცხოოა და პირდაპირ გადმოვიღოთ, რასაც გვეტყვიან. მათი მიზანია, საქართველო ვასალურ ქვეყნად აქციონ, რომლებიც იტყვიან, რომ მოსამართლეები უცხოეთიდან დაგვინიშნონ, პარლამენტში უცხოელები ისხდნენ, კანონების მიღებისას გადაწყვეტილება მათ მიიღონ. ეს არის ვასალობა. თავადაც ასე ვასალად იქცევიან. ქართველ ხალხს არ სურს, უცხო ქვეყნიდან მართული იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.