არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მოსამართლეს, მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე მოიხსნას ეს სანქციები - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მოსამართლეს, მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე მოიხსნას ეს სანქციები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„სანქციებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ისედაც ცნობილია. მგონი, უკვე ორი თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს და ნული მტკიცებულება აქვთ წარმოდგენილი. ამიტომ მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს და, პირიქით, მოვუწოდებ, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, ვინაიდან არ შეიძლება მტკიცებულების  გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მოსამართლეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავდროულად, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ყველა საქმეზე, სადაც საუბარი იყო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დონეზე დადასტურდა, რომ ეს იყო დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანია.

„რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებებს, მოგიწოდებთ, გაიხსენეთ ყველა ის ე.წ. მაღალი მნიშვნელობის მქონე საქმე, იქნებოდა ეს სააკაშვილის, „რუსთავი 2“-ის საკითხი თუ ა.შ. ზუსტად იმავე არგუმენტებით დისკრედიტირება ხდებოდა სასამართლოსი, შემდეგ გაიხსენეთ, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი სტრასბურგში. ასე დასრულდება ყველა საქმე, ვინაიდან არის პოლიტიკური ანგაჟირება და ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის მცდელობა. ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ეს ტესტი გაიარა ღირსეულად. აბსოლუტურად ყველა საქმეზე, სადაც საუბარი იყო, თითქოს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ა.შ., ადამიანის უფლებათა ეროპული სასამართლოს დონეზე დადასტურდა, რომ ეს იყო მანიპულაცია, დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.