საზოგადოებას აინტერესებს არა პოლიტიკური რადიკალიზმი, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, ნაბიჯები და ინიციატივები, თუ როგორ შეიძლება, მათი ცხოვრება უკეთესი იყოს მომავალში - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

დღევანდელი აქცია ამ რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების კიდევ ერთი სურვილი თუ მცდელობაა, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თავი დაიტოვონ და საერთოდ არ გაქრნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ ეს ძალები გარედან შიგნით ცდილობენ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას.

„შიგნით პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზების ან მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზების არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. დღეს ამ პროცესის დაწყებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რომ რაღაცნაირად თავი გაიცოცხლონ. რაოდენ ცინიკურია, რომ ეს პროცესი მათ საქართველოს იმ ისტორიულ მოვლენებს დაამთხვიეს, რასაც საქართველოში პირველი რეფერენდუმი ჰქვია, რომელსაც შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენა დაეფუძნა. საზოგადოებას აინტერესებს არა ეს პოლიტიკური რადიკალიზმი, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, ნაბიჯები და ინიციატივები, თუ როგორ შეიძლება, მათი ცხოვრება უკეთესი იყოს მომავალში“, – განაცხადა მახაშვილმა.