„საშიში სიტუაციაა... იყავით ფრთხილად!“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1758310875
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების სულ 48 შემთხვევა დაფიქსირდა.
„ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ებოლას აფეთქება გამოაცხადა. ჯერ 48 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა“, – განუცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟურნალისტებს.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ებოლას ვირუსის შესახებ.
სპეციალისტები განმარტავენ, როგორ ვრცელდება და რა სიმპტომებით ხასიათდება ებოლას ვირუსი.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ებოლას ვირუსით (წარსულში ცნობილი იყო, როგორც ებოლას ჰემორაგიული ცხელება) გამოწვეული დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხშირად ფატალურად; ლეტალობა 90%-ს აღწევს. ავადმყოფობა ვრცელდება ადამიანებსა და პრიმატებში (მაიმუნი, გორილა და შიმპანზე).
ინფექციას იწვევს ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება ფილოვირუსების ოჯახს, ებოლავირუსების გვარს.
დაინფიცირება დაავადებული ადამიანის, ცხოველის სისხლთან, სისხლის კომპონენტებთან, დაბინძურებულ გარემოსთან ან საგნებთან კონტაქტის შედეგად ხდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ურჩევს მოსახლეობას სახლის პირობებში იზრუნონ ადამიანზე, რომელსაც აღენიშნება ებოლას ვირუსული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.
სპეციალისტების განმარტებით, ეპიდაფეთქების დროს, მაღალი რისკის ქვეშ არიან:
სამედიცინო პერსონალი;
ოჯახის წევრები ან ის პირები, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ ადამიანთან;
ადამიანები, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ დაკრძალვის პროცესში გარდაცვლილთან.
ინფექციის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომებია: უეცარი ცხელება; ძლიერი სისუსტე; კუნთების, თავისა და ყელის ტკივილი; ამას მოსდევს ღებინება, დიარეა, გამონაყარი, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის გაუარესება და, ზოგ შემთხვევაში, შიდა და გარე სისხლდენა ერთდროულად.
ებოლას ვირუსით ინფიცირება დასტურდება მხოლოდ ლაბორატორიული ტესტირებით.
მძიმედ დაავადებული პაციენტები საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიას. მათი ორგანიზმი დეჰიდრატირებულია და საჭიროებს ორალურ რეჰიდრატაციას ან ინტრავენურ სითხეებს, რომლებიც შეიცავს ელექტროლიტებს.
ზოგიერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მოსახლეობას ურჩევს, რომ გაითვალისწინონ რჩევები, რომელსაც იძლევა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სპეციფიკური წამალი ებოლას წინააღმდეგ, საუკეთესო გზა სამედიცინო პერსონალის მიერ საავადმყოფოებში ინტენსიური მკურნალობის ჩატარებაა ინფექციის მკაცრი კონტროლის პროცედურების დაცვით.