საზოგადოება იხილავს "გირჩის" ახალ პოლიტიკოსებს, უფრო მეტი შეგვიშვით პარლამენტში, რადგან ერთადერთი ვიყავით საპარლამენტო საქმიანობით დაკავებული და არ ავყოლილვართ ათასნაირ სიგიჟეს - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, საზოგადოება "გირჩში" ახალ პოლიტიკოსებს იხილავს. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, "გირჩში" ჩატარებულ პრაიმერისში, თავად პირველ ადგილზე გავიდა.

კითხვაზე, ხომ არ გაუჭირდება "გირჩს" არჩევნებში ბარიერის გადალახვა, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ეს ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.

"ეს ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, ეს ჩემგან ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება. მაგრამ მჯერა ქართველი ხალხის და მჯერა, რომ მას შეუძლია განასხვაოს ერთმანეთისგან კარგი და ცუდი, ტყუილი და მართალი, სწორი და არასწორი. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებდით იმ 9 წლის განმავლობაში, რა დროსაც გირჩის ისტორია ითვლის.

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩვენი პრაიმერისი, შეგიძლიათ მომილოცოთ, მე პირველ ადგილზე ვარ "გირჩის" პრაიმერისში. ასევე მივულოცოთ სხვა ადამიანებს, რომლებიც ამისთვის იბრძოდნენ. მოგეხსენებათ, სიის დაწერა და პრაიმერისის გამოქვეყნება ისეთი ამბავია, ამას წინათ საერთოდ დაშალა ერთი პარტია პრაიმერისის ჩატარებამ. როდესაც პარტია არ არის ისეთი, რომ იქ პრაიმერისის ჩატარება შეიძლება, მაშინ ის ასეთ შედეგებს იწვევს, რომ საბოლოო ჯამში პარტია იშლება. ჩვენ ეს ყველაფერი მშვიდად გადავიტანეთ, უკვე მესამედ.

საზოგადოება იხილავს "გირჩის" ახალ პოლიტიკოსებს. ის იხილავს სასიამოვნო მოულოდნელობით, ისევე როგორც ჩვენს მიერ წინა არჩევნებზე წარდგენილი ახალი ხალხი, რომელსაც საზოგადოება არ იცნობდა ჩვენო საპარლამენტო მუშაობის დაწყების წინ", - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ხვიჩია ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, მხოლოდ "გირჩის" გუნდი იქცეოდა პარლამენტის წევრებივით, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული იყო და არ იყო ბოიკოტის რეჟიმში.

"საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ გვყავდა მარტო პარლამენტის წევრები და მარტო ჩვენი გუნდი იქცეოდა პარლამენტის წევრებივით. ჩვენ იგივეს გავაგრძელებთ და ახლა უბრალოდ გვინდა ვთხოვოთ ქართულ საზოგადოებას, რომ ოთხნი თუ ვიყავით, ახლა უფრო მეტი შეგვიშვით პარლამენტში, იმიტომ, რომ ჩვენ ერთადერთი ვიყავით, რომელიც საპარლამენტო საქმიანობით იყო დაკავებული, არ აყოლილა ათასნაირ სიგიჟეს, ბოიკოტობას, სიზარმაცეს და ა.შ. ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდით. როდესაც ეს საქმიანობა დავიწყეთ, დავიწყეთ მხოლოდ ქართველი ხალხის იმედად. ერთადერთი პარტია ვართ საქართველოში, რომელსაც პატრონი არ ჰყავს," - აცხადებს იაგო ხვიჩია.