საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერ Marinera-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის  საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია, ასევე, ეკიპაჟში არიან უკრაინის 20 და რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

„არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებულ იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ტანკერი „მარინერა“, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ ცურავდა, აშშ-ის სამხედროებმა 7 იანვარს დააკავეს. როგორც ცნობილია, ამ გემის სახელწოდება წარსულში იყო „ბელა 1“ და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი ირანული, ვენესუელური და რუსული ნავთობის გადაზიდვის გამო.

არსებული ინფორამაციით, ტანკერი „ბელა 1“, რომელიც გაიანას დროშის ქვეშ ცურავდა, ჯერ კიდევ 20 დეკემბერს შევიდა კარიბის ზღვაში. აშშ-ის სანაპირო დაცვამ ხომალდის გაჩერება და მისი დათვალიერება მოითხოვა, თუმცა ეკიპაჟი მოთხოვნას არ დაემორჩილა და ატლანტის ოკეანისკენ აიღო გეზი. მას რამდენიმე ამერიკული გემი დაედევნა.

30 დეკემბერს გემის ეკიპაჟმა პანამის დროშა, რუსულით შეცვალა და რუსეთის საზღვაო რეესტრში ტანკერი „მარინერას“ სახელით გამოჩნდა. ამის შემდეგ, 31 დეკემებრს რუსეთმა აშშ-ს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა და გემის დევნის შეწყვეტა მოითხოვა, ხოლო ტანკერთან რამდენიმე რუსული სამხედრო ხომალდი და წყალქვეშა ნავი გაგზავნა. მიუხედავად ამისა, ამერიკელმა სამხედროებმა გემი მაინც დააკავეს. „ბელა 1“-ის ბორტზე ვერტმფრენიდან გადასხეს ამერიკული მედესანტეები. როგორც უცხოური მედია იუწყება, რუსული სამხედრო გემები ტანკერის სიახლოვეს იმყოფებოდნენ, თუმცა არაფერი მოიმოქმედეს.

ამასთან, აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაკავებული გემის ეკიპაჟის წევრებს სისხლის სამართლის ბრალს წარუდგენენ.