"სავარაუდოდ, დაიწყებენ და ვიხილავთ ამ ადამიანის შეფასებას, როგორც "რუსეთუმეს," "პრორუსს" და ა.შ." - ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს გენმდივნის ვიზიტზე

ლევან მახაშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით, კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

"მათ შეფუთეს საქართველოს არჩეული ხელისუფლება, როგორც არადემოკრატიული ხელისუფლება და მათივე ამომრჩეველთან, როდესაც შენ საუბრობ არადემოკრატიულ ხელისუფლებაზე და, ამავე დროს, ამ ადამიანებთან, ამ ხელისუფლებასთან უმაღლესი დონის შეხვედრები და ვიზიტებია, რა თქმა უნდა, ამომრჩეველსაც უჩნდება კითხვა, რომ რა ხდება, რატომ იტყუები, თუ რაშია საქმე. სწორედ ამ პოლიტიკის გამოძახილია მისი გადაწყვეტილებაც, რომ თავადაც მაქსიმალურად პირველი - კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ ადამიანების გულწრფელი მოტივაცია, რომ აქ საქართველოში იყოს ნორმალური ურთიერთობები და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, დაიწყებენ და ვიხილავთ ამ ადამიანის შეფასებას, როგორც "რუსეთუმეს," "პრორუსს" და ა.შ. და მეორე - მაქსიმალურად შეზღუდონ რაიმე ტიპის კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, რომ კიდევ ერთხელ თავისი ამომრჩეველი გამოკვებონ იმ ტყუილებით და იმ დეზინფორმაციით, რომელსაც მათ აწვდიან ბოლო 1-2 თვის განმავლობაში," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენმდივანთან მისვლას არ აპირებენ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები. ნიკა გვარამია და მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ ალენ ბერსეს ვიზიტი "ქართულ ოცნებას" ეხმარება, შექმნას ბუნდოვანება საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან და ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით. პარტია მიმართავს ევროსაბჭოს გენმდივანს, დააფიქსიროს მკაფიო პოლიტიკური პოზიცია.