საუბარია სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული - კახა კალაძე მთავრობის ადმინისტრაციისგან ნებართვის მოთხოვნაზე

კალაძე

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას სკვერის მოწყობის თაობაზე, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები განიხილავენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია პირველი კლასის მშენებლობაზე, კერძოდ, ლანდშაფტური სივრცის მოწყობაზე.

„მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შემოსული იყო განცხადება ნებართვაზე პირველი კლასის მშენებლობაზე, რაც არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში განვიხილავთ ამას და შესაბამისი პასუხიც იქნება დაბრუნებული. როგორც გითხარით, საუბარია სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა იქნება გაცემული და ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ვარაუდს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობა უკავშირდება დაანონსებულ აქციას, დედაქალაქის მერის თქმით, ამ თემით მანიპულაციები ხშირია.

„ყოველთვის ხდება მანიპულაცია ამგვარი თემით. მე მახსოვს, როდესაც დავიწყეთ პარლამენტის შენობის წინ არსებული სივრცის კეთილმოწყობა და მოწესრიგება, მსგავსი განცხადებები კეთდებოდა. საზოგადოება ძალიან კარგად შეაფასებს ამ ყველაფერს. ხდება კონკრეტული სივრცის მოწესრიგება და გალამაზება. ამაში ცუდი არაფერია. კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ ეს რაიმესთან დააკავშირონ. ერთი მეუბნებოდა, რომ რიკოთის უღელტეხილი თურმე იმიტომ ჩაგვიკეტავს, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გვყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.