საქსტატი: 2026 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა - 2.0 პროცენტით, ხოლო განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.1 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 287.9 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 584.0 ათასი ერთეული შეადგინა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 2.0 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

უწყების ანგარიშით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 665.0 ათასით განისაზღვრა, რაც 6.6 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.2 პროცენტი, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.0 პროცენტს შეადგენდა.

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 37.2 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 15.2 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2026 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა – 54.7 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 415.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 322.4 ათასი ვიზიტი თვეში).

2026 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 273.6 მილიონი ლარით, რაც 12.9 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 7.4 პროცენტით და 172.7 ლარს გაუტოლდა.