„საქართველოში შეიარაღებული ძალები არასდროს არ ემზადებოდა საქართველოს და მისი ნაწილების წინააღმდეგ“ - გენშტაბის ყოფილი უფროსი, ზაზა გოგავა

ზაზა გოგავა

5 საათია, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. განიხილება 2008 წლის აგვისტოს მოვლენები - შეიძლებოდა თუ არა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდება.

ამ წუთებში დეპუტატები გენშტაბის ყოფილ უფროსს, ზაზა გოგავას უსმენენ. სხდომის დაწყებისას გოგავამ თქვა, რომ ის აღარ წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობას" და კითხვებს უპასუხებს, როგორც გენერალი.

პირველ რიგში, კომისიის წევრებმა ზაზა გოგავას მის საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები, რაზეც ზაზა გოგავამ უპასუხა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ის დაინიშნა 2007 წლიდან სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდგომ. მან ისაუბრა, ასევე, მის პოლიტიკურ გამოცდილებასა და "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლის მიზეზებთან დაკავშირებითაც.

ზაზა გოგავამ, ასევე, თქვა, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ვერ იქნებოდა კომისიის სხდომაზე მოსული ისეთი ადამიანი, რომელიც პროცესებს სუბიექტურად შეაფასებდა. ზაზა გოგავამ დეტალურად გაიხსენა იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენები. ამასთან, მას კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჰკითხა, ხომ არ იყო მისი თანამდებობაზე დანიშვნის პერიოდიდან საეჭვო გარემოება, რაც საფრთხეს მოასწავებდა საქართველოსთვის, რაზეც ზაზა გოგავამ უპასუხა, რომ საფრთხეები და პროვოკაციები ქვეყანაში მუდმივად იყო, თუმცა ქართულ ჯარს არასდროს მოსვლია აზრად, რომ ქვეყნის სუვერენულ ნაწილში გაემართა სამხედრო შეტაკებები. თავის მხრივ, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ამ განცხადებაში ეჭვი არ ეპარებოდა, მას ეჭვი პოლიტიკოსების მოტივაციაში ეპარება.

"არაერთხელ, პირად საუბრებშიც გამიჟღერებია და კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთადერთი ვალდებულება, რომელიც დამრჩა, არის იმ საფლავებთან ვალდებულება. მე ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ აქ მჯდარიყო ადამიანი, რომელსაც ეპასუხა 2008 წლის გამოწვევებზე და იქნებოდა სუბიექტური, ანუ პოლიტიკურ კალაპოტში მოქცეული. ამიტომ მივიღე მე ეს გადაწყვეტილება, სრულიად თავისუფალი ვარ მე ამ კუთხით, სამხრეებიც ამიტომაც მოვედი აქ, რომ ვისაუბრო იმ თემებზე ღიად, თავისუფლად.

ის საკითხი, რაც აქ იხილება - 2008 წლის ომის საკითხი, ის, რომ რაიმე 100-პროცენტიანი მაჩვენებლები მოასწავებდა ამ ყველაფერს არაა, მაგრამ ძალიან ბევრი პროვოკაცია იყო რუსეთის ე.წ. სამშვიდობოებისგან, უფრო სამაჩაბლოს მიმართულებით, ვიდრე აფხაზეთის მიმართულებით. ის, რომ რაიმე მოასწავებდა, საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩემი ხელმძღვანელობის მხრიდან, ემზადებოდა ან ერთი ან მეორე სეპარატისტული რეგიონის მიმართ, არ ვიცი, თუ გამოჩნდება ადამიანი, ვინც ზაზა გოგავას წინ დაუჯდება და ეტყვის, რომ ასე იყო, ყველა მათგანს პასუხს გავცემ. საქართველოში შეიარაღებული ძალები არასდროს არ ემზადებოდა საქართველოს და მისი ნაწილების წინააღმდეგ", - აღნიშნა ზაზა გოგავამ.

მანამდე კომისიის წევრებმა მოუსმინეს და შეკითხვები დაუსვეს ვანო მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს, შალვა ამირანაშვილს. სხდომაზე დეტალურად გაიხსენეს აგვისტოს ომის ქრონოლოგია და მოვლენები.