1734337868
საქართველოში მოვლენები არ მიდის სწორი მიმართულებით, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე კი - უვიზო რეჟიმის შეზღუდვა - კაია კალასი
საქართველოში მოვლენები არ მიდის სწორი მიმართულებით, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე კი – უვიზო რეჟიმის შეზღუდვა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ყველა ის მოვლენა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არ მიდის სწორი მიმართულებით, სადაც კანდიდატი ქვეყნები უნდა იყვნენ. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ, რა შედეგები მოჰყვება იმას, რომ საქართველოს მთავრობა იყენებს რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ. რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ევროპულმა მხარემ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე საკითხი – უვიზო რეჟიმის შეზღუდვა“, – განაცხადა კაია კალასმა.
კითხვაზე, რა ზომებს შესთავაზებს დღეს მინისტრებს და მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას, კალასმა აღნიშნა:
„ჩვენ გვქონდა ეს დისკუსიები. ჩვენ ვართ 27 დემოკრატიული ქვეყანა საკუთარი მოსაზრებებით და ამას სჭირდება დრო. ჩვენ წარვადგინეთ სია იმ დასანქცირებული ადამიანებისა, რომლებიც, როგორც იცით, იყენებენ ძალას ოპოზიციის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე განვიხილავთ უვიზო რეჟიმს, თუ როგორ უნდა შევზღუდოთ და არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ კომისიისთვის ამ წინადადების შემუშავების დავალება. პირველ ყოვლისა, სია უკვე შემოთავაზებულია. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ მას, მაგრამ ყველა უნდა დათანხმდეს სიას, ჩვენ ჯერ არ შევთანხმებულვართ“, – განაცხადა კალასმა.
ამასთან, კითხვაზე, – „გააგრძელებთ თუ არა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ე.წ. არჩევნების შემდეგ?“ – კალასმა განაცხადა:
„რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტი თანამდებობაზე არის 29 დეკემბრამდე და შეიძლება, მანამდე ძალიან ბევრი რაღაც მოხდეს“, – განაცხადა კაია კალასმა.