პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ალბათ, უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს.“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ნაციონალური მოძრაობის სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს. ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე კრძალავს. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არავითარი გამართლება არ აქვს. დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ უმძიმეს აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ.
თუმცა, ამ ქმედებისთვის უდანაშაულო მოქალაქეების დასჯა ასევე სრულიად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ შემოიღო რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. დღეს იგივე პოლიტიკური ძალა აგორებს კამპანიას საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების შესახებ. ეს ორმაგი სტანდარტიც ნათლად მიანიშნებს, თუ რა რეალური განზრახვა დგას ამ კამპანიის უკან. დღეის მდგომარეობით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია ამ მასშტაბის კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ.
ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის. ამგვარი მიდგომით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი. გარდა ამისა, ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. შესაბამისად, ძალზე ლოგიკურია, რომ დისკრიმინაციული კამპანიის ავტორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც გამსჭვალული არიან საერთო ზიზღით ქართული კულტურისა და ზოგადად, ქართველობის მიმართ და მათი კამპანიის უკან კონკრეტული ანტისახელმწიფოებრივი მიზნები დგას.
ამჟამად, უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. აქვე მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს, რაზეც ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ღელავს ამ თემაზე, სრულად დააზღვევს საქართველოს ხელისუფლება.
აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 10 ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა.
ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს. თუმცა, კამპანიის ავტორები ამ ფაქტსაც არაფრად აგდებენ და მეტიც, გამორიცხული არაა, ამ პრობლემის შექმნა მათი განზრახვის შემადგენელი ნაწილიც იყოს. საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
აშკარაა, რომ დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ ომის პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მიერ განიხილება როგორც ერთგვარი ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ მიმართ არადისკრიმინაციული მოდგომის უზრუნველყოფასა და მათი უსაფრთხოების დაცვაზე.
საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. დასასრულს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთვის ომის თავიდან ასარიდებლად, ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და ყველა მიმართულებით სახელმწიფოებრივი რისკების დასაზღვევად.“- აცხადებს ირაკლი კობახიძე.