1736884505
საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი დაიწყო
საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი დაიწყო. თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, ქვეყანაში ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვიდნენ და პირველ შეხვედრას არასამთავრობო სექტორთან მართავენ. შეხვედრაში მონაწილეობს საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ჟურნალისტი, გურამ როგავა.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს.
„ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ერთი საკითხი უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის არჩევნებს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, არსებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ კრიზისს და მისი მოგვარების გზებს. მეორე ეხება კანონმდებლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ ცვლილებებს, რა იქნება საარჩევნო კოდექსში განხორციელებული თუ სხვა ცვლილებები, რომლებიც მათ შორის მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ჩატარებულ არჩევნებზე, რომ არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოხატა ქართველი ხალხის ნება. თუმცა, ჩვენს პარტნიორებს ფაქტობრივად აღარ აქვთ კითხვები არჩევნების ნაწილში, განსაკუთრებით, რაც ვიხილეთ ეუთო/ოდირის დასკვნა, თუმცა თუ იქნება კითხვები ამ საკითხზე, ვუპასუხებთ“, – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.