საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა საქართველოში ესტონეთის ელჩს

ელჩი

2026 წლის 24 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულ იქნა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი, მის მიერ საქართველოს ერთ-ერთ უნივერსიტეტთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან გამართული შეხვედრის დროს ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს ეთხოვა განმარტება იმის თაობაზე, თუ რას ემსახურებოდა მისი ამგვარი ქმედება. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთის ელჩის ამგვარი განცხადება მიმართულია განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის პოლიტიზირებისკენ, რაც მიუღებელია და წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას.

ელჩს განემარტა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმით დაინტერესების შემთხვევაში ესტონეთის მხარეს შესაძლებლობა აქვს,  კონსულტაციები გამართოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სადაც ამის თაობაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.