ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის 2025 წელი ყველაზე წარმატებული იქნება
1731779211
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ჰონგ-კონგს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე იმყოფებოდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ჩინეთის ჰონგ-კონგის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერიკ ჩან კვოკთან, ასევე ჰონგ-კონგის მთავრობის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მდივანთან ლამ საი-ჰუნგთან, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანთან ალგერნონ იაუსთან, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მდივანთან კევინ იონგთან და ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან პატრიკ ლაუსთან.
შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ჰონგ-კონგის მთავრობის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესაძლებლობების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსპორტის და ლოგისტიკის, ინოვაციების, ტურიზმის და ვაჭრობის სფერობში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის 2019 წლის თებერვლიდან მოქმედი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ასევე ის გარემოება, რომ 2024 წლის 30 სექტემბრიდან ორივე მხარის ძალისხმევით ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე, ვიზიტების გაცვლასა და მჭიდრო კავშირების შენარჩუნებაზე.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის აზიის ლოგისტიკურ, საზღვაო და საავიაციო კონფერენციაში "მიწოდების არსებული და სამომავლო ალტერნატიული გზები: მედეგობა და მდგრადობა". ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ჰონგ-კონგში დაფუძნებული ათამდე მსხვილი ადგილობრივი, ასევე წამყვანი საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური და სავაჭრო კომპანიის ხელმძღვანელებთან.