საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

21 თებერვალს, ბრიუსელში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით, საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის მხრიდან, შეხვედრაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია და დელეგაციის წევრები გივი მიქანაძე, თინათინ ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია მონაწილეობდნენ. ასამბლეის მხრიდან, შეხვედრას ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი, ბიუროს წევრები  და ალიანსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა  რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საქართველოს უსაფრთხოებაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გავლენა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესი და ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და რეფორმების პროცესის მხარდაჭერა. ასევე საქართველოს ფასდაუდებელი წვლილი ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, ნატო-სა და მოკავშირეების უმაღლეს პოლიტიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციისა და ალიანსში ინტეგრაციის საკითხების პრიორიტეტულობის შენარჩუნების, ასევე საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში მოკავშირეების მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობა.

საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭო, საქართველოს პარლამენტსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია და აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები ყოველწიურად იმართება.