სააკაშვილი ამით კიდევ ერთხელ აჩვენებს საკუთარ სახეს და იმას, თუ როგორ სძულს ის ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც იყო - დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიმიკურ მუქარაზ

 დავით მათიკაშვილი

ამ სიტყვებით ის მთელ საქართველოს აგინებს. ეს „ქართული ოცნების“ მიმართ კი არ არის ნათქვამი, არამედ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოზე მიმიკურად წარმოთქმულ მუქარასთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, სააკაშვილი ამით კიდევ ერთხელ აჩვენებს საკუთარ სახეს და იმას, თუ როგორ სძულს ის ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც იყო.

„მე ვიხუმრე კიდეც, რომ ეს რაღაც განკურნებული დემენციის მძიმე ფსიქიკური შედეგია, რომელიც დაუტოვა-მეთქი. დემენცია თუ სჭირს ამ ადამიანს, მხოლოდ პოლიტიკური. ჩვენ ვხედავთ ურცხვ, უტიფარ, დამნაშავე, ქართველი ხალხის სისხლში ჩაყოფილი ხელების მქონე ადამიანის უტიფარ გამონათქვამებს, რომელსაც, საკუთარი დანაშაულის აღიარების ნაცვლად, კვლავ „შეტევაზე“ გადმოსვლა სურს.

ეს რაღაც ლირიკული პერფორმანსი ეხება იმ პარტიასა და ხალხს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ხომ ხვდებით, რომ ამ სიტყვებით ის მთელ საქართველოს აგინებს! ეს „ქართული ოცნების“ მიმართ კი არ არის ნათქვამი, არამედ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ეს ჩუმად და ტუჩებით ნათქვამი კი არა, პირდაპირ გაგახსენებთ, ის და ბიძამისი უშვერი სიტყვებით როცა ლანძღავდნენ საქართველოსა და ქართველ ხალხს.

ეს ახალია საზოგადოებისთვის? სააკაშვილი ამით საკუთარ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს და აჩვენებს იმას, თუ როგორ სძულს ის ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც იყო. მეტი რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?! ადამიანი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და საკუთარი მოქალაქეობა სხვა ქვეყანაში ჩინოვნიკობისთვის დათმო. შემდგომ საქართველოში უკვე იმისთვის შემოიპარა, რომ ქვეყანაში ომის ცეცხლი გაჩენილიყო და სამწუხარო რეალობა გვქონოდა მთელ საქართველოს, როგორიც უკრაინაშია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს დაემუქრა.

✕