საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს

პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, განცხადებაში მოცემული იქნება საქართველოს პარლამენტის შეფასებები და პასუხი „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით.

„შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, საქართველოს პარლამენტის განცხადება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ. დღეს საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრის წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ, რომელიც, მათ შორის ეხება „მეგობარი აქტის“ საკითხსაც. ამავე დროს, პარლამენტში ჩვენ ყველა ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით მოვამზადეთ პარლამენტის განცხადება, რომელიც ეხება ე.წ. მეგობარ აქტს და მოცემულია ჩვენი შეფასებები, პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით. ინიციატორები გახლავთ, ერთი მხრივ, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე ყველა ფრაქცია პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. ამიტომ, სრულიად პარლამენტის სახელით არის ინიცირებული. გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს. ამ საკითხზე მე ვიქნები მომხსენებელი და განხილვები უკვე ხვალ შედგება პარლამენტში როგორც კომიტეტში, ასევე პლენარულ სხდომაზე.

ზოგადად, მინდა, აღვნიშნო, რომ ე.წ. მეგობარი აქტი, რომელსაც, როგორც ვნახეთ, თავადაც შეუცვალეს სახელი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იყო, გარდა მეგობრობისა, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის ამოყირავება რეალობისა, რაც, სინამდვილეში, საქართველოში არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, არგუმენტებზე, მყარ ფაქტებზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას, რა არის რეალობა, ასევე გავაკეთოთ ჩვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მეგობრობის ყოველგვარ გაგებას ეწინააღმდეგება, რაც ვნახეთ წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის სახით. ასე რომ, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაც იხილოს. პარლამენტი აუცილებლად დააფიქსირებს თავის პოზიციას პარლამენტის განცხადების სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.