1738916997
"საქართველოს ისტორიის 2003-2012 წლების მონაკვეთთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, შევეცდებით,ერთხელ და სამუდამოდ ისტორიის ეს ნაწილი დავხუროთ" - ლევან მახაშვილი
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი განმარტავს, თუ რა საკითხებზე იმუშავებს დროებითი საგამოძიებო კომისია.
საუბარია კომისიაზე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს თანამდებობის პირთა საქმიანობა უნდა შეისწავლოს და დასკვნა პროკურატურას გადაუგზავნოს.
"საქართველოს ისტორიის 2003-2012 წლების მონაკვეთთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და სწორედ ამიტომ, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ჩვენ ვქმნით საგამოძიებო კომისიას, რომელიც პირველი - პოლიტიკურად შეაფასებს ამ პროცესს და მეორე - შეისწავლის იმ დანაშაულებს, რომელიც დაკავშირებული იყო მაღალი თანამდებობის პირებთან. ამით ჩვენ შევეცდებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ისტორიის ეს ნაწილი დავხუროთ და მოსახლეობასაც რა კითხვებიც აქვს, ყველა კითხვაზე იყოს პასუხი ცალსახად გაცემული," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის" შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა. ხუთი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან," ორი "ხალხის ძალიდან," ერთი "ევროპელი სოციალისტებიდან" და ორი ადგილი მათთვის, ვისაც ფრაქცია არ აქვს - სწორედ ასე განისაზღვრა დროებითი საგამოძიებო კომისიის კვოტები.