დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე იყო ათი წლის წინ, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა გვაძლევს დამატებით მოტივაციას დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის - თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სადაც მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გმობს ოკუპაციას და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს მხარდაჭერისთვის და ევრორეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„ევროსაბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაძლევს დამატებით მოტივაციას დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცების და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. საქართველომ დაამტკიცა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების განგრძობითი ოკუპაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ რეფორმები და განვამტკიცოთ დემოკრატია. ჩვენს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სამუშო მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც მოხდა ადამიანის უფლებების დაცვლის უფრო ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფა, შრომის ახალი კოდექსის მიღება, გატარდა სასჯელაღსრულების სისტემის წარმატებული რეფორმა და პატიმრების რაოდენობა ორჯერ შემცირდა, მოხდა სტამბულის კონვენციის რატიფიცირება. ახლა ჩვენს გვაქვს უფრო ძლიერი და პლურალისტური პარლამენტი. ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულების, ასევე ოპოზიციის საქმიანობისთვის განკუთვნილი უფრო ეფექტური მექანიზმებით. სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად 60%-ით შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა. ასევე, დაბალანსდა სასამართლო დავებში მხარეთა სასარგებლოდ მიღებული სტატისტიკა, აღნიშნული გვაძლევს საფუძველს, რომ განვაგრძოთ სასამართლო სისტემის რეფორმები. დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ის 10 წლის წინ იყო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.