საქართველო მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას - კობახიძე

კობახიძე

საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვინდა შეგახსენოთ, რომ შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა და მედიასაშუალებებმა ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილება ქვეყანაში ვითარების არევისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობისთვის გამოიყენეს. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ყველაზე მდიდარი ენჯეოები მთავრობის გადადგომასაც კი ითხოვდნენ.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მაშინ ყველაფერი სწორად შეაფასა და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოქმედ ძალებს ქვეყანაში ვითარების არევისა და მშვიდობის დარღვევის შესაძლებლობა არ მისცა. ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.