საქართველო გახდა სტაბილურობის ოაზისი რეგიონში, სადაც ჩრდილოეთით და სამხრეთით სატრანზიტო ჰაბები პარალიზებულია - დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

 საქართველოს გეოეკონომიკურ მნიშვნელობასა და საერთაშორისო ინტერესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე საქართველოს სტრატეგიას განსაზღვრავს უნიკალური გეოეკონომიკური მდებარეობა და ხელისუფლების პრაგმატული საგარეო პოლიტიკა.

„ჩრდილოეთით და სამხრეთით არსებული სატრანზიტო ენერგეტიკული ჰაბები დღეს პარალიზებულია: ჩრდილოეთით - სანქციური პოლიტიკის გამო, ხოლო სამხრეთით - მიმდინარე მძიმე მდგომარეობის გამო,“ - განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობას, რაც საერთაშორისო პროექტებისა და ეკონომიკური ინტერესებისთვის მნიშვნელოვან გარემოს ქმნის.

„ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე ჩვენს სტრატეგიას განაპირობებს ორი ძირითადი ფაქტორი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. ეს არის ჩვენი უნიკალური გეოეკონომიკური მდებარეობა და ჩვენი პრაგმატული ხელისუფლების დაბალანსებული და მულტივექტორული პოლიტიკა საგარეო მიმართულებით.

ჩვენზე დამოკიდებულია ძალიან ბევრი საერთაშორისო აქტორისა და ორგანიზაციის ფინანსური და მატერიალური ინტერესები, რაც მთელ რიგ საერთაშორისო პროექტებთან არის დაკავშირებული. ისე მოხდა, რომ ჩვენს ჩრდილოეთით და სამხრეთით არსებული სატრანზიტო ენერგეტიკული ჰაბები დღეს პარალიზებულია: ჩრდილოეთით - სანქციური პოლიტიკის გამო, ხოლო სამხრეთით - მიმდინარე მძიმე მდგომარეობის გამო. ამ ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ იმ მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც ძალიან ბევრისთვის და პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებას ოპონენტები ხშირად ცინიკურად მოიხსენიებენ.

ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით ვინარჩუნებთ ამ სტაბილურობის ოაზისს და უსაფრთხოების კუნძულს ძალიან ბევრი საერთაშორისო მოთამაშისთვის.

ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ჩვენთან და ჩვენს რეგიონთან დაკავშირებული ძალიან კონკრეტული, პრაგმატული ინტერესები - როგორც ალტერნატიული გზა იმ პირობებში, როდესაც ჩრდილოეთით და სამხრეთით პარალიზებულია სატრანზიტო, ენერგეტიკული, ციფრული, ტექნოლოგიური და სხვა ტიპის ჰაბები. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი კორპორაციული ინტერესები, ძირითადად აზერბაიჯანთან დაკავშირებული, სადაც საქართველო მნიშვნელოვან მოთამაშედ შემოდის. საუბარია ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა „შევრონი“, „ექსონმობილი“, „ჰესი“ და სხვა ძალიან მსხვილი კორპორაციები და მათი ინტერესები.

ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირი და მისი პრაგმატული ნაწილი, რომელიც ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებთან არის დაკავშირებული. თუ 2025 წლის მონაცემებს მოვიყვანთ, საქონლის ბრუნვამ მიაღწია 700 მილიარდ ევროს, ხოლო 2026 წლისთვის ვარაუდობენ ამ რიფხვის 826 მილიარდამდე ზრდას. ამ ეკონომიკური მიმოქცევის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საქართველოზე გადის — რკინიგზითა და ხმელეთით.

მინდა შეგახსენოთ, რომ ეს მშვიდობიანი და უღრუბლო ცა საქართველოს თავზე ჩვენთვის ეკონომიკური სარგებლის წყაროც გახდა. ბოლო პერიოდში მინიმუმ სამჯერ გაიზარდა ავიაფრენების ნაკადი საქართველოზე გამავალ უსაფრთხო საჰაერო დერეფანში, რამაც შესაძლებლობა მისცა ჩვენს ბიუჯეტს ყოველდღიურად დაახლოებით 1 მილიონი ლარი მიიღოს. ეს არის მკვეთრი განსხვავება იმ ოთხწლიანი მოლოდინისა და სურვილებისგან, რასაც ზოგიერთი ძალა გამოხატავდა — რომ საქართველოს ცაზე ავიაგამანადგურებლები გამოჩენილიყვნენ და ბომბები დაცემულიყო საქართველოს მიწაზე. დღეს კი ამ უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგად ლარები „ცვივა“ საქართველოს ციდან.

ჩვენ გავააქტიურეთ პარტნიორული ურთიერთობები ცენტრალური აზიის რეგიონთან იმ დონეზე, როგორც არასდროს ყოფილა ჩვენი უახლოესი ისტორიის განმავლობაში. ხშირად ამბობენ, რომ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მიიღო ცენტრალური აზიის ხუთი ლიდერი, თუმცა ეს შეხვედრა დაკავშირებული იყო C5+1 ფორმატის ღონისძიებასთან და უფრო დეკლარაციული ხასიათი ჰქონდა.

ჩვენ კი ამ რეგიონებთან რეალურად ძალიან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს. ჩვენს პოზიციებს იზიარებენ ბელგია და იტალიაც. ისინი ხედავენ, რომ ოდესღაც ძალიან მწყობრი ორგანიზმი - ევროკავშირი - დღეს დაშლის პირას დგას.

ჩვენ გვაქვს პრაგმატული და მჭიდრო ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან. ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოვიდა ავსტრიის კანცლერი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჩვენი პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა სერბეთში,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.