საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შალვა პაპუაშვილის მიერ მომზადებული „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შალვა პაპუაშვილის მიერ მომზადებული „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება პარლამენტთან არსებულ სამ დაწესებულებას: ეროვნულ ბიბლიოთეკას, ჰერალდიკის საბჭოს და სსიპ -  კვლევით ცენტრს.

კერძოდ, ეროვნული ბიბლიოთეკის შემთხვევაში მოხდება მისთვის დამსახურებული იურიდიული სტატუსის მინიჭება და ჩამოყალიბდება როგორც სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც იქნება კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში. ცვლილების შემდეგ, ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება საჯარო მოხელის სტატუსი.

რაც შეეხება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, პირველი მოსმენის შემდეგ სახელწოდებასთან დაკავშირებით თავდაპირველი ვერსია  შეიცვალა და იქნება საქართველოს  სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი, ნაცვლად სიმბოლოების დეპარტამენტისა.

ცვლილებების თანახმად, მოხდება კვლევით ცენტრის ლიკვიდაცია, მის ბალანსზე არსებული რესურსები გადაეცემა პარლამენტს. კვლევითი ცენტრიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

როგორც შალვა პაპუაშვილმა მეორე მოსმენით განხილვისას აღნიშნა, პირველი მოსმენის შემდეგ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. კანონპროექტის პირველ მუხლს დაემატა მესამე პუნქტი, რომელიც  პოლიტიკურ ჯგუფებს შეეხება.

„კერძოდ, 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ანუ  მე-11 მოწვევის პარლამენტში, გარდამავალი დებულებით დაშვებული იქნება პოლიტიკური ჯგუფების შექმნა პარლამენტის სამი წევრის მიერ. ამ შემთხვევაში წინაპირობა იქნება, რომ მასში გაერთიანებული უნდა  იყვნენ ერთი პარტიული სიით შესული პარლამენტის წევრები, რომლებიც პარტიულ სიაში იყვნენ როგორც უპარტიოები, ან დატოვეს პოლიტიკური პარტია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით,  პოლიტიკური ჯგუფების სტრუქტურა შედგება თავმჯდომარისა და მოადგილისგან, რომლებიც წარმოადგენენ პარლამენტის თანამდებობის პირებს და გათანაბრებული არიან ფრაქციების თავმჯდომარეებთან, მათ არ აქვთ უფლება დაიკავონ სხვა თანამდებობა და აუცილებელი არ არის რომელიმე კომიტეტში იყვნენ გაწევრიანებული. ასევე, თუ ჯგუფში 6-ზე მეტი წევრია, თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ორი მოადგილე.

ამ და სხვა ცვლილებების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვას.