სანქციები პირიქით მოქმედებდა, უფრო გვიღვივებდა მოტივაციას, რომ ვიბრძვით სიმართლისთვის, რით ვერ გაიგეს, რომ არა მარტო მუქარა, აღსრულებაც ვერ გვაჩერებს - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

სანქციების საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია, აშშ-ის საზოგადოებამ გადაწყვიტა, რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა. ურთიერთობებს გადატვირთვა ბუნებრივად მოუწევს, რადგან ჩვენი, ამერიკელების, ასევე, ევროპული საზოგადოების უმრავლესობა ამბობს, რომ გვინდა ევროპული ღირებულება და არ გვინდა ლგბტ საზოგადოება, გვინდა დამოუკიდებლობა და არ გვინდა სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიაში სანქციებით მუქარა შევა ერთ-ერთ საინტერესო საკითხად, როცა სანქციები პირიქით მოქმედებდა.

„სანქციებით გვემუქრებოდნენ, ზოგ შემთხვევაში კიდეც აღასრულებდნენ, მაგრამ სანქციები პირიქით მოქმედებდა. უფრო გვიღვივებდა მოტივაციას, რომ ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის, ქვეყნისთვის, დამოუკიდებლობისა და ოჯახური ღირებულებებისთვის. როგორ შეიძლება, საქართველოს ისტორიის მქონე ქვეყნის მოქალაქემ, მით უმეტეს ხელისუფლების წარმომადგენელმა სანქციების შიშით ასეთ სიმართლეზე უარი თქვა. ასევე ისტორიაში შევა ის უგუნურობა, რომელსაც ამ სანქციებით დამმუქრებლები იჩენენ. რით ვერ გაიგეს, რომ არა მარტო მუქარა, არამედ აღსრულებაც კი ვერ გვაჩერებს. ვერ შეგვაჩერებს. საქართველოს ისტორია მაინც წაიკითხონ, ხალხი თავს დებდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ახლა სანქციას დაგადებ და ვერ ჩამოხვალ ვაშინგტონში, თუ სხვა რომელიმე დედაქალაქში რაღაც პერიოდის განმავლობაში – როგორ შეიძლება, ამან ვინმე შეაჩეროს, მათ შორის ამა თუ იმ ქვეყანაში ფინანსური სანქციებით. ამის კლასიკური მაგალითი მოგვცა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ფორმალურ სანქციებამდე, რამდენიმე თვის წინ რომ დაადეს ამერიკიდან, მანამდე რამდენიმე წლის წინ ჰქონდა ფაქტობრივი სანქციები. ყველამ იცოდა, რომ რამდენიმე მილიარდზე წვდომა შეუჩერეს. ამან ბიძინა ივანიშვილი კი არ შეაჩერა, პირიქით, გლობალური ომის პარტიის მხილება უფრო გააქტიურა, თანაც ისეთ პერიოდში, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გლობალური ომის პარტია ყვაოდა. სანქციების გაგრძელებას ველოდებით, თუ არ ველოდებით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. შეიძლება, ვიღაცას ტვინში ისევ უდუღს ძველი დრო და ისევ რაღაც „გამოაცხოს“, ეს ჩვენთვის მეასეხარისხოვანია. მთავარია, რომ ისეთ სახელმწიფოში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოებამ გადაწყვიტა, რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა. ჩვენ ველოდებით, რომ აუცილებლად მოხდება დროთა განმავლობაში გადატვირთვა, ამ ურთიერთობებს გადატვირთვა ბუნებრივად მოუწევს, რადგან ჩვენი, ამერიკელების, ასევე, ევროპული საზოგადოების უმრავლესობა ამბობს, რომ გვინდა ევროპული ღირებულება და არ გვინდა ლგბტ საზოგადოება, გვინდა დამოუკიდებლობა და არ გვინდა სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა. ურთიერთობების გადატვირთვას ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.