სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი არა მხოლოდ პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, არამედ ძალიან ცუდ როლს თამაშობს ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი არა მხოლოდ პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, არამედ ძალიან ცუდ როლს თამაშობს ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, პაველ ჰერჩინსკი მილიონ 120 ათასს ადამიანს არჩევანს უწუნებს და ოპოზიციას ეუბნება, რომ რადიკალური პროცესები დემოკრატიაა.

„სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ელჩი და განსაკუთრებით, ევროკავშირის ელჩი არა მხოლოდ პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, არამედ ძალიან ცუდ როლს თამაშობს ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში. არადა, ევროკავშირის ელჩის პირდაპირი ფუნქციაა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დაალაგოს და დიპლომატიურ ენაზე ისაუბროს. დიპლომატიური ენით საუბრისა და ურთიერთობების დალაგების ნაცვლად, ვხედავთ, რომ ჰერჩინსკი უხეშად ერევა ქართულ პოლიტიკაში, მილიონ 120 ათას ადამიანს არჩევანს უწუნებს. ასევე, რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, დაფინანსება შეუწყვიტეს, ეუბნება და აგულიანებს, რომ რადიკალური პროცესები დემოკრატია ყოფილა.

შესაბამისად, არა მგონია, ჰერჩინსკის კახეთის რეგიონში რაიმე პოზიტივი ელოდებოდეს. მგონი, სჯობს, მან კომენტარი გააკეთოს დონალდ ტრამპის ბრძანებებზე, განცხადებებსა და უკრაინის ომთან დაკავშირებით იმ რეზოლუციებზე, რომელზეც გაერო-ში ევროკავშირი ამერიკას პირდაპირ ეხმალავა. ახლა კახეთში რატომ ჩადის, რომ თქვას, ევროკავშირი უფრო კარგია და ამერიკა უფრო ცუდი? ამ ანტიამერიკული განცხადებებისთვის ჩადის? ფარდა ჩამოხსნილია. ბატონო ელჩო, ყველამ კარგად იცის, გიცანით, ვინ არის თქვენი ევროკავშირი. შესაბამისად, ქართული საზოგადოება მომწიფებულია პოლიტიკურად და ვეღარ მოატყუებთ. ევროკავშირის ელჩი ამ ყველაფრით არა მხოლოდ ქართულ, არამედ ამერიკის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს. ქართული საზოგადოების მსგავსად ამერიკული საზოგადოებაც არ დადგა „დიფ სთეითის“ მხარეს, უარი უთხრა ლგბტ პროპაგანდას და ომს, ევროკავშირის ელჩისგან განსხვავებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.