სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: გრძელდება თავდაცვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარების პროცესი - სარემონტო-სამუშაოები 67 ობიექტს ჩაუტარდა

პრემიერი

გრძელდება თავდაცვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარების პროცესი. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მასშტაბური სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, როგორც სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე, ასევე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რესოციალიზაციისათვის განკუთვნილ ობიექტებზე, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

„თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარდა 67 ობიექტს. მათ შორის, საშუალო და კაპიტალური რემონტი გაუკეთდა 46-ს, რომელთაგან დასრულდა 8 ობიექტი. ამასთან, მშენებლობა მიმდინარეობდა 21 ობიექტზე, რომელთაგან დასრულდა 3 ობიექტი. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 2021 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 80 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი.

ქალაქ თბილისში, აბაშვილის ქ. №3-ში 2021 წელს დასრულდა 2 ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობა (ჯამში 486 ბინა), სადაც ბინები გადაეცათ მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე მახათას მთაზე წარმატებით ხორციელდება „არმი სითის“ ბინათმშენებლობის პროექტი. თავდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით მიმდინარეობს 39 ერთეული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რაც დასრულდება 2022 წელს და 1000-მდე სამხედრო ოჯახი მიიღებს ბინას.

ლოგისტიკური ქვედანაყოფების განვითარებას ხელს უწყობს თურქეთის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი გრანტით მიღებული სპეცტექნიკა: სულ 2021 წელს მიღებულია 25 ერთეული სატრანსპორტო, სარემონტო, საინჟინრო და სხვა სახის სპეციალური ტექნიკა. დახმარების აღნიშნული პროგრამა გრძელდება 2022 წელსაც“, - აღნიშნულია მოხსენებაში.

საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.