სამოქალაქო დაპირისპირების და სისხლისღვრის თემა გიორგი ვაშაძეს და მის მოკავშირეებს დიდი ხანია აქვთ - მისგან მოულოდნელი არაფერია - ვოლსკი

ვოლსკი

საზოგადოების დაპირისპირება, სამოქალაქო დაპირისპირება და სისხლისღვრის თემა გიორგი ვაშაძეს და მის მოკავშირეებს დიდი ხანია აქვთ, დღეს ეს თემაა, ხვალ სხვა თემა იქნება, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ფრენებთან დაკავშირებით თუ საჭირო იქნება, საპროტესტო აქციები უნდა გაიმართოს.

ვოლსკის განცხადებით, უნდა იმოქმედონ ისე, როგორც მათ ინტერესებს შეესაბამება, ხოლო ვაშაძის ინტერესია, რომ საზოგადოება დააპირისპიროს ერთმანეთს.

"გიორგი ვაშაძე იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებას უნდა მისი ან ოპოზიციის ლიდერების ლიკვიდაცია. იმასაც ამბობს, რომ თუ დარბაზში შევიდა, ვიღაც მოჭიდავეები არიან ჩასაფრებული, რომლებმაც უნდა სცემონ და ბევრ სისულელეს ამბობს ამასთან დაკავშირებით. მაგრამ არსებობს რეალობა, მოცემულობა და ამ მოცემულობაში ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენთვის არის მისაღები და ჩვენს ინტერესებს შეესაბამება და გიორგი ვაშაძის ინტერესია საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპიროს, მათ შორის, ფიზიკურად ნებისმიერი მიზეზით. ასე რომ, მისგან მოულოდნელი არაფერია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ფრენებთან დაკავშირებით თუ საჭიროა საპროტესტო აქციებიც უნდა გაიმართოს.

"თუ დაგვჭირდება აუცილებლად მოგვიწევს პროტესტის გამართვაც. ერთადერთი რისაც ეშინია "ქართულ ოცნებას", არის ხალხის ხმა, როგორც რუსულ კანონზე დაიხიეს უკან, ისე უნდა დავახევინოთ უკან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. როცა ხელისუფლება გეუბნება, რომ კონსტიტუცია აღარ არსებობს, კანონი აღარ არსებობს, მე ვარ კანონი და ისე გავაკეთებ ყველაფერს, როგორც მე მინდა, ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი", - განაცხადა ვაშაძემ.