სალომე ზურაბიშვილის განცხადება სირცხვილია, პრობლემაა, როცა არ იცი, 26 მაისს რაზე ისაუბრო - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

"მე მგონი, სირცხვილი სწორედ, პრეზიდენტის განცხადება იყო. 26 მაისს, საზეიმო დღეს, როცა არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ამაზე უნდა მივანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი. რაც შეეხება სასამართლოს, როცა საქართველოს პრეზიდენტი უერთდება სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად ეს ასეა, რომ ამ განცხადებით, მან სცადა სასამართლო სისტემის, ამ ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა, სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე როდის რა განცხადება გააკეთო და მეორე, როცა ოპოზიცია აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია, მაგრამ როცა პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს სერიოზული პრობლემაა და სერიოზული გადახვევა იმ როლიდან რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს. თუმცა, ეს შეიძლება აღსანიშნიც არ ყოფილიყო იმ ფონზე, როცა გუშინ მან, პრაქტიკულად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია, როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენობაზე, ამ ფონზე, სასამართლოსთან დაკავშირებული განცხადება არის არაფერი,"- განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეზე, სიტყვით გამოსვლისას სასამართლოზე ისაუბრა.

„სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.